უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღიარა დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაურეკავს თავის მოწინააღმდეგეს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გამარჯვებას მიულოცავს.
პოროშენკოს თქმით, დამარცხების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება და პირობა დადო, რომ მისი გუნდი აპირებს „მომავალშიც დაუპირისპირდეს კრემლის გეგმებს და დაიცვას ქვეყანა“.
„არასდროს დანებდე, თუ ეს ღირსებას და საღ აზრს არ ეწინააღმდეგება“, – გაიმეორა პოროშენკომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის სიტყვები.
პრეზიდენტის პოსტს იგი უკვე მომავალ თვეში დატოვებს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 21 აპრილს გაიმართა. ეროვნული ეგზიტპოლის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 25,5-მა პროცენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის კი – 73-მა პროცენტმა.
შოუმენი
პოპულარულ ტელესერიალში „ხალხის მსახური“ კომიკოსი და ტელეპროდიუსერი ვოლოდიმირ ზელენსკი (ფოტოზე: ზელენსკი ფილმის გადაღებების დროს) ისტორიის მასწავლებელს თამაშობს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი ხდება. ახლა მან სცადა, ნამდვილი პრეზიდენტი გამხდარიყო და პირველივე ცდაზე გაიმარჯვა (მართალია, ამისთვის 2 ტური გახდა საჭირო, მაგრამ ეს წვრილმანია). წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზელენსკიმ საკუთარ თავს „კლოუნი“ უწოდა და თქვა, რომ ამით ამაყობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკოს არა მარტო უკრაინის პრეზიდენტობა „ჩამოართვა“, არამედ უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის (პოროშენკო 49 წლის ასაკში გახდა უკრაინის სახელმწიფოს მეთაური) წოდებაც – 41 წლის შოუმენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: https://www.dw.com/ru
ამავე თემაზე: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსმა გაიმარჯვა
კომენტარები