საზოგადოებასაქართველო

თუ შეძლებ, მაპატიე…

როცა მე ვიცინოდი, ვჭამდი, ვკითხულობდი, ვხატავდი ან ვწერდი, ერთმა პატარა, ბავშვობაწართმეულმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ გამოსავალი სიკვდილია. ვფიქრობთ: „რა იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო?!..“ – მაგრამ უკვე ყველა ფიქრი ისეთივე არაფრისმომცემია, როგორც იმ ყულფის გახსნა, რომელმაც მისი ბოლო სუნთქვა დაიმახსოვრა…

როცა მე დედა მეფერებოდა, იქნებ ის, უბრალოდ, ფიქრობდა დედაზე. როდესაც მე უფრო ლამაზად ჩაცმა მსურდა, მას მხოლოდ ისე ჩაცმა უნდოდა, რომ სიცივე არ ეგრძნო. მე რომ მაძღარი ვიძინებდი, იქნებ მას ერთხელ მაინც დაუძინია მშიერს. ზაფხულში მე რომ გართობაზე ვფიქრობდი, ის იმაზე დარდობდა, სად ემუშავა. როცა მე ყველა მაქებდა, იქნებ მისთვის ერთხელ მაინც დაუცინიათ. მე რომ მომწონდა ჩემი ცხოვრება, იქნებ ის ნატრობდა, სხვანაირი ცხოვრება ჰქონოდა.

დანაშაულის გრძნობა ამეკვიატა და არ ვიცი, რა მოვუხერხო, როგორ მოვინელო… არ ვიცი, სად გავექცე ფოტოებიდან მომზირალ თვალებს, რომელშიც ახლა ყველა განცდის ამოკითხვა მარტივია თითქოს, რამდენიმე დღის წინ კი ეს ვერავინ შეძლო.

ჩვენ ერთი პატარა ქალაქის საერთო ქუჩებში დავდიოდით თურმე… იქნებ შევხვედრილვართ კიდეც, იქნებ უნდა მცოდნოდა, რომ სადღაც ჩემ გვერდით ერთი პატარა ბიჭი დააბიჯებდა, დარდებითა და საფიქრალით სავსე ხურჯინით დატვირთული, პატარა ბიჭი – ასაკისთვის შეუფერებლად დიდი ტვირთით…

ვზივარ და ვფიქრობ: რომ მცოდნოდა, იქნებ შემეცვალა რამე, იქნებ მისთვის მისაღები ფორმით გამენაწილებინა ყველაფერი, რაც აკლდა. ახლა ისე ვარ, ჩემს ყველაზე თბილ ტანსაცმელს ჩავაცმევდი ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს დაუფიქრებლად, თუკი ვიგრძნობდი, რომ სცივა, თუნდაც მე გავთოშილიყავი; ჩემს უკანასკნელ ლუკმას ისე მივცემდი ნებისმიერ მშიერს, რომ ჩემთვის არაფერს დავიტოვებდი; მთელ ჩემს ადამიანურ სითბოს გავიღებდი, თუკი ეს ვინმეს გადაარჩენდა, მაგრამ ხვალ ეს ყველაფერი თითქმის ცარიელი, თითქმის უმოქმედო სიტყვები იქნება. არ გაბედოთ და არ დაიჯეროთ, რომ ადამიანებს ერთმანეთი აღარ გვიყვარს! უბრალოდ, არც ჩვენი ცხოვრებისეული ტვირთია ყოველთვის იმდენად მსუბუქი, რომ სხვების ტვირთი გავინაწილოთ. დანაშაულის გრძნობა ამეკვიატა. არადა, თითქოს არაფერი დამიშავებია ისეთი, სუნთქვას რომ მიკრავდეს…

ნუთუ არ ეტყობოდა მის ბოლო ნაბიჯებს, რომ მალე ყულფთან შეჩერდებოდნენ?! ნუთუ იმდენად ბრმები ვართ ადამიანები, რომ მოჩვენებითი სიმშვიდე ნამდვილისგან ვერ გაგვირჩევია?! ნუთუ იმდენად ყრუები ვართ, რომ ერთმანეთის ხმებში ბზარებს ვერ ვარჩევთ?! ან იქნებ ვარჩევთ კიდეც, იქნებ გულის სიღრმეში ვხვდებით ყველაფერს, მაგრამ ძალა არ გვყოფნის ერთმანეთის გადასარჩენად…

მე არ გამისინჯავს და არ ვიცი, როგორი გემო აქვს პურს, რომელსაც იმიტომ გაწვდიან, რომ ებრალებით… მან ეს იცოდა… რომ შემეძლოს, ერთადერთ რამეს ვეტყოდი: თუ შეძლებ, მაპატიე, რომ ჩემი ბავშვობა შენსაზე ხალისიანი იყო…

ნინო წულაია

ამავე თემაზე: მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

მსგავს თემაზე: თვითმკვლელობა ვოლოსში – 22 წლის გოგონა აივნიდან გადმოხტა

თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში – 41 წლის მუსიკოსი 34-ე სართულიდან გადახტა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close