ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა – „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშე ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 3 ქვეყნის – ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი გახდა.
რონალდუმ ინგლისის ჩემპიონობა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნისას მოიპოვა, ესპანეთის ჩემპიონობა – მადრიდის „რეალში“ თამაშისას და ახლა კი იტალიის ჩემპიონი გახდა „იუვენტუსთან“ ერთად.
გუშინ, 20 აპრილს ტურინის „იუვენტუსმა“ „ფიორენტინას“ მოუგო (2:1) იტალიის 33-ე ჩემპიონატის მატჩში, 87 ქულა დააგროვა და ქვეყნის ჩემპიონობა გაინაღდა სერია А-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე. მის მომდევნო გუნდს – „ნაპოლის“ უკვე არანაირი შანსი არ აქვს, „იუვეს“ დაეწიოს.
„იტალიის ჩემპიონები! ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამორჩეული გუნდის ისტორიის დაწერაში, რომელიც მხარს მიჭერდა და რომლის რიგებში თამაშის პატივიც მაქვს. ბედნიერი ვარ! ჩვენ დომინანტები ვიყავით რთულ ჩემპიონატში, ვიბრძოდით ყველანი ერთად! ჩვენ ძლიერი და გასაოცარი გუნდი ვართ! და ეს მხოლოდ დასაწყისია! დიდი „იუვე“ (Grand Juve)!“ – დაწერა რონალდუმ თავის ინსტაგრამზე.
„იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატი მერვედ მოიგო. რაც შეეხება რონალდუს წვლილს, სერია А-ს წლევანდელ სეზონზე, 27 მატჩში 34 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნიკო აბაშიშვილი
ნახეთ რონალდუს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: კრიშტიანუ რონალდუს 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და 18,8 მლნ ევროთი დაჯარიმდა
კომენტარები