კრიშტიანუ რონალდუს 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და 18,8 მლნ ევროთი დაჯარიმდა

Reuters-ის ფოტო
ტურინის „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს, ფერხბურთის სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის პროვინციულმა სასამართლომ  გადასახადების გადაუხდელობისთვის 23-თვიანი პირობითი პატიმრობა და 18,8 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ამის თაობაზე „ბიბისი“ იუწყება. სასამართლოს სხდომა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან რონალდუმ მიიღო პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის პირობები.

33 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც „ოქროს ბურთის“ 5-გზის მფლობელია, ჯარიმის გადახდა პრობლემა არ იქნება –  Forbes-ის რეიტინგით, ის შემოსავლის მხრივ მესამეა მსოფლიოში (108 მლნ დოლარი ანუ 95 მლნ ევრო წელიწადში).

რონალდუს ბრალი ედება იმაში, რომ 2010-იდან 2014 წლამდე, როდესაც იგი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, ესპანეთის სახელმწიფოს 5,7 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები დაუმალა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა.

კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი მაღალი რანგის ფეხბურთელი არ არის ესპანეთში, რომელიც გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს. მისი ყოფილი მეწყვილე „რეალში“ ხაბი ალონსო  დღეს ასევე წარდგა სასამართლოს წინაშე, მას დაახლოებით 2 მლნ ევროს ედავებიან. ალონსოს შესაძლოა 5 წელი მიუსაჯონ და, რონალდუსგან განსხვავებით, ციხეში მოუწიოს ჩაჯდომა. იგი დღეს პირველად იყო საპროცესო სხდომაზე და ჯერ სასამართლოსთან შეთანხმება არ გაუფორმებია. ალონსო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, რონალდუ კიდევ ერთ სასამართლო დავაშია გარეული: ფეხბურთის სუპერვარსკვლავს 2009 წელს ლას-ვეგასში გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, რომელსაც იგი უარყოფს.

ფეხბურთელი მადრიდის სასამართლოში დღეს თავის საცოლესთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად გამოცხადდა.

იხ.ვიდეო:

კომენტარები