ბრიტანეთის პრემიერი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარების იდეას უარყოფს  

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ცდილობს დაარწმუნოს თემთა პალატა, „ბრექსიტთან“ დაკავშირებით შექმნილი ჩიხური სიტუაცია განმუხტოს და მხარი დაუჭიროს ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას კავშირიდან გამოსვლის პირობებთან დაკავშირებით.

თემთა პალატაში გამოსვლისას 21 იანვარს ტერეზა მეიმ უარყო მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები, თუმცა არაფერი უთქვამს საკუთარი გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე.

მან ორჯერ გაიმეორა, რომ რეფერენდუმის თავიდან ჩატარების იდეა თემთა პალატაში ვერ მოიპოვებს პარტიების ხმათა უმრავლესობას და ყველაზე რეალისტური შესაძლებლობა, თავიდან აიცილონ ევროკავშირიდან მოუწესრიგებელი გამოსვლა მარტის ბოლოს, ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერაა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ ორშაბათს ფორმალურად თავიდან შეიტანა ეს შეთანხმება თემთა პალატაში. როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირაში დეპუტატებმა პროექტი რეკორდული უმრავლესობით ჩააგდეს.

ფორმალურად მეის დაევალა პროექტის ახალი ვერსიის მომზადება 3 სამუშაო დღეში და პარლამენტში თავიდან წარდგენა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირმა არაერთხელ მტკიცედ  უარყო დოკუმენტში რაიმე სახის ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

ახალი კენჭისყრა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებაზე 29 იანვარსაა დანიშნული. ტერეზა მეის თქმით, დარჩენილ დროში მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა პარტიასთან, შემდეგ კი – ბრიუსელთან.

29 მარტამდე 68 დღე რჩება და ბრიტანეთი დაურეგულირებელი გამოსვლისთვის მზად არ არის. „ეს კატასტროფა იქნება“, – განაცხადა ლეიბორისტმა კირ სტარმერმა. ლეიბორისტული პარტია ახალი რეფერენდუმის ჩატარებისა და ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ითხოვს, მთავრობამ ოფიციალურად თქვას უარი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლაზე. ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი მეისთან მოლაპარაკებებს არ აპირებს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი ოფიციალურად არ დაადასტურებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე არ გამოვა.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც აქტიურად განიხილება – „ბრექსიტის“ ვადის გადაწევა მიმდინარე წლის ბოლომდე, რაზეც, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, არაოფიციალურად ევროკავშირიც თანახმაა.

29 მარტამდე კი სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება…

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: BBC news

კომენტარები