კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ადამიანებით ვაჭრობა? – ზუგდიდიდან ქალს აფხაზეთში 10 ბავშვი უნდა გადაეყვანა

უკრაინელი ქალი, რომელიც საქართველოში 8 აპრილს ჩამოვიდა მოსკოვი-თბილისის რეისით და ზუგდიდში ქირით ცხოვრობდა, 10 მცირეწლოვანი ბავშთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.

გასულ ღამეს ბავშვები  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოხვდნენ ინტოქსიკაციის ნიშნებით. სასწრაფო მეზობლებმა გამოიძახეს, რომელთა თქმით, სასწრაფოში დარეკვა ხმაურის და ბავშვების ტირილის გამო გადაწყვიტეს. მოგვიანებით ბავშვები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 7 თვის გოგონაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – აცხადებენ შსს-ში.

„ტრანზიტით ჩემს შვილებთან ერთად მივდივარ ქმართან, სხვა ქვეყანაში. ესენი ჩემი შვილები არიან. პოლიციასთან დავაფიქსირე იმ ბავშების სია, რომლებთან ერთადაც კლინიკაში შემოვედი“, – განაცხადა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლაკმა ქუთაისში მედიასთან.

სიმართლეს ამბობს თუ არა ქალი, გამოძიება დაადგენს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close