ბადანტე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს უვლიდა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
პიოლტელოში (მილანის პროვინცია), ალდო მოროს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 55 წლის უკრაინელი მომვლელი ქალი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ 87 წლის მოხუცს უვლიდა. გარდაცვლილი ბადანტე პირველად მოხუცი ქალის 65 წლის შვილმა აღმოაჩინა. შემთხვევა 18 აპრილს მოხდა.
მამაკაცის თქმით, იგი ალცჰაიმერით დაავადებული დედის მოსაკითხად მივიდა და მაშინვე დაეჭვდა, როდესაც ოთახში შესვლისას დაინახა, რომ დივანზე მჯდარი მოხცი ოთახში სრულიად მარტო იყო. კაცი მეორე ოთახში შევიდა და მომვლელი ქალი საწოლზე პირქვე დამხობილი ნახა. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, თუმცა ექიმებმა მოსვლისთანავე დააფიქსირეს, რომ ქალი გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე კარაბინერებიც მივიდნენ. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ქალს რაიმე ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა, მხოლოდ ცხვირის ტრავმა აღენიშნებოდა, რომელიც შესაძლოა დაცემისას დაიზიანა – საწოლის ხის თავს ჩამოარტყა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს მეზობელიც, რომელიც მომვლელ ქალს შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. უკრაინელი ქალის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ცხედრის გაკვეთის შემდეგ დაადგენენ.
მსგავს თემაზე: იტალიის პრეზიდენტმა ორი მოქალაქე შეიწყალა, რომლებმაც ალცჰაიმერით დაავადებული ცოლები მოკლეს
მოხუცმა კაცმა ალცჰაიმერით დაავადებული ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
კომენტარები