პოლიტიკასაქართველო

„ისტორიული“ ვიზიტი – კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვია

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი უნაკლო სტუმართმოყვარეობისთვის ჩემი მეუღლის და მთელი დელეგაციის სახელით, რადგან თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში“, – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრა არა ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში, არამედ ავლაბარში, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა.

ნიკოს ანასტასიადისის თქმით, კვიპროსს და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აქვთ და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება უნდა გაგრძელდეს; ამ ვიზიტმა შესაძლოა სათავე დაუდოს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას და ამას ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პირველი ბიზნესფორუმიც, რომელიც ხვალ, 18 აპრილს  გაიმართება.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და კვიპროსი მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტირიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და კვიპროსელი ხალხის სახელით, საქართველოს მადლობა გადაუხადა კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

ნიკოს ანასტასიადისმა დაადასტურა, რომ კვიპროსი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებას.

აგრეთვე, მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასაც და დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას.

ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსმა საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად და მის მხარდაჭერას უკვე ამ სტატუსითაც გააგრძელებს.

კვიპროსის პრეზიდენტის თქით, მან თავის ქართველ კოლეგას გააცნო საკუთარი ქვეყნის წინაშე არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და შესაძლებლობები, რომლებიც კვიპროსის თურქებს და კვიპროსელებს ერთ სახელმწიფოში სწორად განვითარების პერსექტივას მისცემს.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ისაუბრეს „ცირკულარულ მიგრაციაზე“, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის მიმართ.

ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსი მზად არის, ამ კუთხით საქართველოსთან შეთანხმება შედგეს.

შეხვედრის დასასრულს ნიკოს ანასტასიადისმა სალომე ზურაბიშვილი კვიპროსზე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ორდღიანი (17-18 აპრილი) ოფიციალური ვიზიტის დროს კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close