სანდრა რულოვსი 19 მაისს ზუგდიდის მერად იყრის კენჭს

სანდრა რულოვსი ხელს აწერს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტებს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ის გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ – კანდიდატია.

რეგისტრაციის შემდეგ რულოვსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი აქვს. მან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა, რომ პატარ-პატარა პრობლემები არის, მაგრამ „როცა ტყეში შედიხარ, მგლის არ უნდა გეშინოდეს“.

მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დარეგისტრირება საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააპროტესტა ზუგდიდელმა ნანა კობახიძემ, რომელიც რულოვსს კომისიის შენობასთან დახვდა. კობახიძის მტკიცებით, იგი არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და რიგითი ზუგდიდელია, რომელიც მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსს არ აქვს კენჭისყრის მორალური უფლება.

ნანა კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში ცხოვრობდა „მხედრიონის“ პერიოდშიც, ახოვს ის მძიმე დღეები და ახსოვს ისიც, რომ სანდრა რულოვსმა ზვიად გამსახურდიას ბანდფორმირების დამფუძნებელი უწოდა.

სანდრა რულოვსი ნანა კობახიძეს არ გასაუბრებია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები