იტალიაში გაასამართლებენ მერს, რომელიც არალეგალურ მიგრანტებს ეხმარებოდა

რიაჩე, 06.10.2018; ასე ესალმება დომენიკო ლუკანო „შინაპატიმრობიდან“ მის სახლთან შეკრებილ მრავალრიცხოვან მხარდამჭერს. ANSA/MARCO COSTANTINO
ცნობილია იტალიის პატარა ქალაქ რიაჩეს (რეჯო კალაბრია, კალაბრიის რეგიონი) მერის საქმის სასამართლო განხილვის თარიღი, რომელიც მიგრანტების ინტეგრაციის მხრივ სამაგალითოდ ითვლებოდა. რიაჩეს 60 წლის მერი დომენიკო „მიმმო“ ლუკანო (DOMENICO MIMMO LUCANO), რომელსაც მერის პოსტი 2004 წლიდან ეჭირა, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი იყო, როგორც უანგარო მებრძოლი დევნილთა უფლებების დასაცავად.

მისი ხელმძღვანელობით ქალაქის მუნიციპალიტეტი ათასობით იმიგრანტის განთავსებას აფინანსებდა, მათ ახლომდებარე პატარა ქალაქ ლოკრიში აბინავებდა, რომელშიც ადგილობრივი მცხოვრებლები თითქმის აღარ დარჩნენ. დასახლებულ პუნქტში, სადაც სულ რაღაც 2 ათასი კაცი ცხოვრობდა, დევნილებს მიტოვებულ სახლებს სთავაზობდნენ და მუშაობასთან ერთად სწავლის შესაძლებლობასაც აძლევდნენ იმ იმედით, რომ ისინი ხელს შეუწყობდნენ ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

ამ ეფექტიანი მოდელის დანერგვისთვის 2016 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Fortune-მა დომენიკო ლუკანოს მე-40 ადგილი მიაკუთვნა „მსოფლიოს უდიდესი ლიდერების“ რეიტინგში, ხოლო ერთი წლის შემდეგ იტალიელი მერი ქალაქ დრეზდენის მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდა.

„მიმმოს“ კრისტალურად სუფთა რეპუტაციას პირველი სერიოზული დარტყმა 2 წლის წინ მიაყენეს. მისი ტელეფონის მოსმენისას პოლიციამ გაარკვია, თითქოს მერი „კეთილ“ საქმეებს მთლად უანგაროდ არ აკეთებდა. 2018 წლის ოქტომბერში დომენიკო ლუკანო დროებით გადააყენეს თანამდებობიდან და შინაპატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც პროკურორებმა მას ბრალი დასდეს მიგრანტების შენახვისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დატაცებასა და ფიქტიური ქორწინებების ორგანიზებაში დევნილებისთვის იტალიაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად. ლუკანოს ბრალი დასდეს, აგრეთვე, დარღვევებში ნაგვის გადამამუშავებლებთან კონტრაქტების დადებისას.

ამ ხმაურიანი საქმის გამოძიება, რომელიც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის პირად კონტროლზეა აყვანილი (სალვინიმ ლუკანო არაერთხელ გააკრიტიკა საჯაროდ საკმაოდ უხეში ფორმით), იტალიისთვის წარმოუდგენელი ტემპებით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის დასაწყისში საკასაციო სასამართლომ, დანაშაულის შემადგენლის არარსებობაზე დაყრდნობით, დომენიკო ლუკანოს ყველა ბრალდება მოუხსნა, რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ „რიაჩეს მოდელის“ უკან სინამდვილეში „კრიმინალური სტრუქტურა იმალებოდა, რომლის სინდისზეა მთელი რიგი დანაშაული: სახსრების დატაცებიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებიდან და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობიდან დაწყებული, სახელმწიფო შესყიდვების კანონის დარღვევამდე“.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ. როგორც ჩანს, ის, რაც სასარგებლოა ქალაქ ლოკრისთვის, რომს ხელს არ აძლევს. მე არაფრის მეშინია, სიმართლე ჩემს მხარეზეა“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დომენიკო ლუკანომ პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით. იგი კალაბრიის სასამართლოს წინაშე 2019 წლის 11 ივნისს წარდგება 26 სხვა ბრალდებულთან ერთად.

დომენიკო ლუკანოს მხარდამჭერებს ეჭვი აქვთ, რომ მერის დისკრედიტაცია ახალი მთავრობის და, კერძოდ, შს მინისტრის, მატეო სალვინის ინტერესშია, რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგ ყველა საშუალებით იბრძვის.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები