იტალიის პროფკავშირები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და საყოველთაო გაფიცვით იმუქრებიან

ფოტო: Ansa
იტალიის პროფკავშირების უმსხვილესი გაერთიანებების ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გამო და საყოველთაო გაფიცვის მოწყობით იმუქრებიან, – იუწყება დღეს, 10 აპრილს საინფორმაციო სააგენტო ANSA, პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებაზე დაყრდნობით.

9 აპრილს იტალიის მთავრობამ დაამტკიცა „დოკუმენტი ეკონომიკისა და ფინანსების შესახებ“. ერთი მხრივ, მთავრობას უარი არ უთქვამს არცერთი თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზე, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი დაპირების შესრულება (მაგ., ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის შემცირება) განუსაზღვრელი დროით ყოვნდება. სტატისტიკოსთა მონაცემებით კი, ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციის სტადიაშია ან, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან ახლოს არის სტაგნაციის მდგომარეობასთან.

ცოტა ხნის წინ იტალიის მთავრობამ უკვე დაიწყო 2 მთავარი რეფორმის რეალიზება, რომელთა გატარებასაც წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა ამომრჩეველს. ეს რეფორმებია: საპენსიო ასაკის შემცირება და „მოქალაქის დახმარების“ შემოღება (მოქალაქის მინიმალური შემოსავალი – 780 ევრო). ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია ერთდროულად გადასახადების და საპენსიო ასაკის შემცირება და დახმარების გაზრდა და ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოიტანს.

თუ მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლის, „არსებობს სერიოზული რისკი, რომ კრახით დავასრულებთ“, – აცხადებენ იტალიის პროფკავშირების წარმომადგენლები.

კომენტარები