საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში 12 არალეგალი მიგრანტის გადაყვანის დროს დააკავეს

12 არალეგალური მიგრანტი აღმოაჩინეს მსუბუქ ავტომანქანაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე 36 წლის მამაკაცი მართავდა. ავტომობილი, მცირეხნიანი დევნის შემდეგ, პოლიციამ ეგნატიის ავტომაგისტრალზე გააჩერა, ლაგადასთან (თესალონიკი) ახლოს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

საგზაო პატრულმა დაფერილმინებიანი მეტისმეტად დატვირთული მსუბუქი ავტომობილი საეჭვოდ მიიჩნია და მძღოლს გაჩერება მოსთხოვა. ეს უკანასკნელი სამართალდამცველების სიგნალს არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიცია მას დაედევნა და რამდენიმე წუთში გააჩერა.

პოლიციელებმა მსუბუქი ავტომობილის შემოწმებისას ნახეს, რომ მასში მძღოლის გარდა 12 კაცი იყო მოთავსებული: 9 მამაკაცი მანქანის სალონში იყო ჩაჭეჭყილი, 3 – კი საბარგულში. აღმოჩნდა, რომ მათ საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის საბუთები არ გააჩნდათ.

როგორც შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, არალეგალური მიგრანტები ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ევროსის რაიონში ჩამოვიდნენ, საიდანაც თესალონიკში მოხვედრას ცდილობდნენ. მათ მძღოლს თანხა გადაუხადეს, რომ  თავისი ავტომობილით ისინი თესალონიკში ჩაეყვანა.

სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ მსუბუქი ავტომანქანის ნიშნები ვერიის (მაკედონიის რეგიონი, ჩრდ. საბერძნეთი) უსაფრთხოების განყოფილებაში იყო მოპარული მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში.

დაკავებული მძღოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე არალეგალების გადაყვანის ბრალდებით, რაც საბერძნეთის სსკ-ის მიხედვით ადამიანთა ვაჭრობად მიიჩნევა. მას მკაცრი სასჯელი ემუქრება.

წყარო: https://www.voria.gr/article/metefere-paranoma-me-ich-allodapous–sinelifthi-sti-thessaloniki?fbclid=IwAR1ROqtCzxGl0evYUHd9lMIA-xBZfHP8wNYfL41HWHbC5vzMuXd2s2rFykE
კომენტარები