შეუცნობელი

ქვები, რომლებიც  შურისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ

ცნობილია, რომ იტალიელი ვარსკვლავი ორნელა მუტი წვეულებებსა და მიღებებზე განუყრელად ატარებს ვარდისფერი კვარცის ყელსაბამს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მინერალი შურისგან იცავს, პოპულარულ ესპანელ  მსახიობს პენელოპე კრუსს კი, ძირითადად, სიბრძნის ქვის – ნეფრიტის  ყელსაბამი და სამკაული უკეთია, მით უფრო, თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა ძირითად სათქმელს არ გადავუხვევთ…

სხვადასხვა ბუნებრივი მინერალის, ძვირფასი და ნახევარად ძვირფასი ქვების უნიკალურ თვისებებს ადამიანები ოდითგანვე აკვირდებოდნენ და ამ მხრივ საუკუნეების განმავლობაში დიდი ცოდნა დაგროვდა. ეს თვისებები, რომლებსაც ათასწლეულების მანძილზე მინერალებში კონცენტრირებული ენერგია განაპირობებს, ადამიანებზე შეხებისას სხვადასხვა სახის ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ვიდრე თქვენს ქვას აირჩევდეთ, გადაწყვიტეთ, რისთვის გჭირდებათ ის – უბრალო სამკაულად თუ დამხმარედ, რომელიც უარყოფითი ენერგიის ზეგავლენისგან, სტრესებისა და ავადმყოფობისგან დაგიცავთ.

მაგალითად, წითელი ფერის ქვები რეკომენდებული არ არის ემოციური და ფეთქებადი ხასიათის ადამიანებისთვის, მათ შეუძლიათ მფლობელს გაუთვალისწინებელი საქციელისკენ უბიძგონ. მორიდებულ, მორცხვ ნატურებს კი, პირიქით, წითელი ქვები წარმატების მოპოვებაში დაეხმრებათ.

პრაქტიკულად, ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებენ ზურმუხტი და ფირუზი, რადგან ისინი ჩვენი ხასიათის საუკეთესო მხარეების გამოვლენას უწყობენ ხელს. ორივე ქვა თითქოს „ავალდებულებს“ მათ მფლობელს, იყოს პატიოსანი, სამართლიანი, დიდსულოვანი… წინააღმდეგ შემთხვევაში ქვების მაგიური გავლენა სუსტდება ან საერთოდ ქრება.

ახლად შეძენილი ქვა თავის მაგიურ ძალას მოგვიანებით ავლენს. აღიჭურვეთ მოთმინებით და დაელოდეთ: შეიძლება რამდენიმე თვეც კი გავიდეს, ვიდრე მინერალი „მოგეჩვევათ“, თქვენს ბიოველს შეუთავსდება და „მუშაობას“ დაიწყებს.

ნუ დაიზარებთ მის მოვლას, კვირაში ერთხელ ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდეთ: მთელი ღამით ჩადეთ ზღვის მარილში, დადეთ მზეზე და გაავლეთ გამდინარე წყალში.

ქვა არასოდეს არავის ათხოვოთ, მით უმეტეს, თუ თქვენს მფარველად მიგაჩნიათ; არც არსად დატოვოთ, დროებითაც კი. თუ რაიმე მიზეზის გამო არ გიკეთიათ, გაახვიეთ ფოლგაში და შეინახეთ. რაც მთავარია, აუცილებლად შეიყვარეთ მინერალი, თუ გსურთ მავნე ზეგავლენისგან, შურისა და წარუმატებლობისგან დაგიცვათ.

ამეთვისტო: ამეთვისტოს უნარი შესწევს შეგაყვაროთ ის ადამიანი, რომელიც მას გაჩუქებთ. გარდა ამისა, ის წმენდს კანს და განსაკუთრებულ ელფერს მატებს. ამეთვისტო ხანმოკლე შესვენებებით უნდა ატაროთ, მხოლოდ ასე გამოავლენს საკუთარ ძალას. გაიკეთეთ ამეთვისტოს თვლიანი ბეჭედი არათითზე. ის კარგად ეგუება ვერცხლს.

ვარდისფერი კვარცი: აღმოსავლეთში მას „გულის ქვას“ უწოდებენ. ვარდისფერი კვარცი თავის პატრონს სასიცოცხლო ენერგიასა და განსაკუთრებულ მგრძნობელობას ანიჭებს, ათავისუფლებს კომპლექსებისგან და მოქმედების უნარს უძლიერებს.

 

აკვამარინი: აქვამარინს აქვს საოცარი უნარი, ატმოსფეროს გავლენით შეფერილობა შეიცალოს. ზუსტად ასევე უცვლის ის გუნება-განწყობას თავის მფლობელსაც. აკვამარინი ღია ცისფერი მხოლოდ მზიან ამინდშია. ასეთ დროს პატრონიც მშვიდი და გაწონასწორებულია. აკვამარინის თვლიანი ბეჭედი უმჯობესია საჩვენებელ თითზე ატაროთ, ან ნეკა თითსა და მკერდზე.

მთის ბროლი: სარგებლობა მოაქვს ყველასთვის, განსაკუთრებით კი შემოქმედებითი ნატურისთვის; ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას. შეიძინეთ მთის ბროლის ბურთულა და ატარეთ ყველგან. მამაკაცმა მარჯვენა ჯიბეში უნდა ჩაიდოს ქვა, ქალმა – მარცხენაში.

ტურმალინი: წითელი ტურმალინი ყოველთვის მხატვართა მფარველად ითვლებოდა, მწვანეს კი გამაახალგაზრდავებელი უნარი აქვს. მწვანე ტურმალინი შეუძლია ატაროს ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა. ის შეუცვლელია ძლიერი ფიზიკური და ნერვული აშლილობისას.

ფირუზი: გვეხმარება ახალი ნაცნობების შეძენაში და მფლობელში საპირისპირო სქესისადმი გაძლიერებულ ინტერესს იწვევს. ფირუზის მფლობელს უფულობა არ ემუქრება. ფირუზი საჩვენებელ თითსა და ყელზე უნდა ატაროთ.

ონიქსი: ძალაუფლების ქვაა და თუკი მას გამუდმებით ატარებთ, შეძლებთ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. ონიქსი პატრონს უუმჯობესებს მეხსიერებას, მატებს გამბედაობას და ისიც ადვილად აღწევს დასახულ მიზანს. ონიქსი მკერდზე ატარეთ.

მწვანე ონიქსი

მალაქიტი: სახელწოდება მან თავისი ფერის წყალობით მიიღო. მალაქიტი შთანთქავს და ანეიტრალებს ნეგატიურ ენერგიას, ქმნის ფიზიკურ და ემოციურ ჰარმონიას. უფრო ხშირად მას ყელზე და არათითზე ატარებენ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close