შეუცნობელი

გაიგეთ თქვენი სახელის ფერი და მისი მნიშვნელობა

არა მხოლოდ ადამიანის თვალებს, თმას, კანს, არამედ სახელსაც თავისი ფერი ჰქონია. როგორც ქალების, ისე მამაკაცების სახელები ექვს ძირითად ფერად იყოფა და თითოეული ეს ფერი სხვადასხვა გამორჩეულ თვისებაზე მიანიშნებს.

სახელის ფერი პირველი ხმოვნის მიხედვით განისაზღვრება. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად დაასკვნეს, რომ ათასობით ცდისპირის 80 პროცენტისთვის ხმოვანთა ფერები ასე გამოიყურება: ა – წითელი, ე – მწვანე, ი – ლურჯი, ო – ყვითელი, უ – იისფერი. ამ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შედეგები იდენტური აღმოჩნდა მათემატიკური გამოთვლებისა, რომელთა დახმარებითაც მეცნიერები ცდილობდნენ უფრო ზუსტად განესაზღვრათ ბგერების ფერადოვნება. საბოლოო ჯამში ყველა სახელს თავისი ფერი მიუჩინეს – ნებისმიერი სახელი იმ ასობგერის ფერისაა, რომელი ხმოვანიც სახელში პირველ ადგილზე დგას. მაგალითად, მაია – წითელი ფერის სახელია, ოლღა – ყვითელი, ნინო – ლურჯი, გურამი – იისფერი, ელენე კი – მწვანე.

ახლა კი ვნახოთ, რა თვისებები მიეწერება ამა თუ იმ ფერის სახელებს.

წითელი სახელები

გამომდინარე იქიდან, რომ სახელის ფერის განსაზღვრისას უმთავრესი მასში არსებული პირველი ხმოვანია, „წითელ სახელებს“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის სახელები მიეკუთვნება, რომლებშიც პირველ ადგილას ასო „ა“ დგას. მაგ., მარიამი, ანა, თამარი, ნანა, ლაშა, საბა, ნათია…

თავად წითელ ფერს საკმაოდ მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ის უზომო სიხარულსაც გამოხატავს, საბედისწერო სილამაზესაც, მწველ სიყვარულსაც და სისხლსავსე ცხოვრებასაც.

აქვე გავიხსენოთ, რომ ძველების რწმენით, წითელი ფერი ადამიანს ავი თვალისგან იფარავდა. ამ მიზნით ძველი სლავები ბავშვებს მაჯაზე წითელ ძაფს აბამდნენ, ეგვიპტეში კი მფარველ ამულეტებს წითელი ხისგან ამზადებდნენ, რომელიც ისიდას სისხლის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წითელი ომისა და აგრესიის ფერია. ზოგიერთი ხალხის წარმომადგენლები ომში დაღუპულ მებრძოლებს წითელ სუდარას აფარებდნენ. პლუტარქე კი წერდა, რომ ლაკედემონელები (სპარტელები) ჯარისკაცებს წითელ სამოსს აცმევდნენ, რათა მოწინააღმდეგეთა ბანაკში შიში დაეთესათ.

ხშირად „წითელი სახელების“ აგრესია საინტერესო სახეცვლილებას განიცდის და შემოქმედებით ენერგიად გვევლინება. იქნებ სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ ფერის სახელების მატარებელი არაერთი ადამიანი გვხვდება როგორც დიქტატორებსა და მხედართმთავრებს (ადოლფ ჰიტლერი, ალექსანდრე მაკედონელი…), ისე პოეტებსა და მწერლებს შორისაც (ალექსანდრე დიუმა, ანა ახმატოვა, ანტონ ჩეხოვი).

სხვათა შორის, თავის დროზე წითელი – მეფეებისა და იმპერატორების ფერად ითვლებოდა. მაგალითად, ბიზანტიაში მხოლოდ დედოფალი ატარებდა წითელ ჩექმებს, სხვებს სასტიკად ეკრძალებოდათ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეწამული ფერის სამოსით ძველად საქართველოში მხოლოდ დიდგვაროვნები იმოსებოდნენ.

მოკლედ, „წითელი სახელის“ მატარებელი ადამიანი უმეტესად აგრესიულია, ამ აგრესიას კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება სხვადასხვა გამოხატულება ჰქონდეს: პიროვნებას შემატოს ენერგია, მებრძოლი ხასიათი, გაუძლიეროს შემოქმედებითი პოტენციალი, ან პირიქით, გახადოს პატივმოყვარე, ეგოცენტრული, ნერვული. ამ ფერის სახელის მფლობელებს როგორი ბრმა სიყვარულიც შეუძლიათ, ისეთივე ბრმა სიძულვილი ახასიათებთ. ღვარძლიანი გამოხტომებიც და კეთილშობილური საქციელიც მათი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, მთავარია, ადამიანი რა გზას ადგას, როგორი გამოხატულება აქვს მის ძლიერ ენერგიას.

მწვანე სახელები

მწვანე სახელებში პირველ ადგილზე „ე“ ხმოვანი დგას. მაგალითად: ელენე, ეკატერინე, ბესო, ელგა, გელა…

მწვანე ბუნების მთავარ ფერად ითვლება. ის სიცოცხლის მატარებელია, ჭკნობას, დაღუპვას, სიყვითლეს ეწინააღმდეგება და ურყევობის, მარადიულობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ადამიანი, რომელიც მწვანე ფერის სახელს ატარებს, მუდმივად თვითდამკვიდრებისაკენ ისწრაფვის, ცდილობს უმაღლესი მწვერვალები დაიპყროს.

მწვანე ახალგაზრდობის, იმედების, ოცნებებისა და მხიარულების ფერიცაა, თუმცა ზოგჯერ უმწიფრობასაც გამოხატავს.

არავისთვის უცხო არ არის, რომ მწვანე ფერის ცქერა ადამიანს ამშვიდებს. ზოგიერთ ქვეყანაში საავადმყოფოს კედლებს მწვანედაც კი ღებავდნენ, თუმცა როგორც ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი მაქს ლიუშერი ამტკიცებს, ზოგიერთი ტონის მწვანე ფერი მეტისმეტ ემოციურ დატვირთვას იწვევს და ამ დროს კუნთების უნებური შეკუმშვა ხდება. სწორედ ამის გამო, „მწვანე სახელის“ მქონე ადამიანებმა შესაძლოა საკუთარ ჯანმრთელობას ზიანიც კი მიაყენონ, რადგან ხშირად ძალიან ნერვიულობენ თავიანთ მდგომარეობაზე, კარიერაზე, პრესტიჟზე… ამდენად, იმედის სიმბოლო – მწვანე ფერი შესაძლოა მწარე იმედგაცრუებადაც იქცეს.

სხვათა შორის, ძველ ეგვიპტეში ფარაონის მუმიას ყელზე მწვანე ზურმუხტს უკეთებდნენ, რომელსაც მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლოდ თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილი მარადიულ ახალგაზრდობას მკვდართა სამეფოში მიიღებდა.

მწვანეს სულიერი ძლიერების ფერადაც აღიქვამენ. ამ ფერის სახელის მფლობელებს კარგი მახსოვრობა, ფხიზელი და ანალიტიკური გონება აქვთ, საღად მსჯელობენ და ქორწინებაში უდიდესი ერთგულებით გამოირჩევიან, ნებისმიერ ცხოვრებისეულ ნაბიჯს აკონტროლებენ, თუმცა მუდმივად დგანან ცდუნების წინაშე და ამ ცდუნებას უნდა გაუძლონ.

ლურჯი სახელები

უფრო სწორად, ლურჯი და ცისფერი სახელები. ამ სახელებში პირველად „ი“ ხმოვანი გვხვდება: ირაკლი, გიორგი, ნინო, ირმა, ილია…

დარწმუნებულნი ვართ, ბარათაშვილის უკვდავი სტრიქონები გაგახსენდათ: „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს…“ ცისფერი მართლაც პირველქმნილი უმანკოებისა და სიწმინდის ფერია. ის მარადიულობასა და უსასრულობასაც გამოხატავს. სხვათა შორის, ევროპელები ხშირად მას მიუღწეველი, გაუხსნელი საიდუმლოს ფერად მიიჩნევენ. არამიწიერი იდეალისკენ სწრაფვაც ცისფერს უკავშირდება. აღმოსავლეთში ამ ფერს (უფრო მკვეთრ ცისფერს) ჯადოსა და ავი თვალისგან თავდასაცავად იყენებენ. ქრისტიანულ სამყაროში კი ცისფერს ზეციურ ფერად მოიხსენიებენ.

რაც შეეხება ლურჯ ფერს, ცნობილი რუსი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე ვასილი კანდინსკი თვლიდა, რომ ეს ფერი ყურადღებას ფანტავს, ფერების ტესტის შემდგენელი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის, მაქს ლიუშერის აზრით კი, ადამიანი, რომელიც ლურჯ ფერს ანიჭებს უპირატესობას, სიმშვიდისაკენ  ისწრაფვის, ჰარმონიულობისა და კმაყოფილების განცდა ენატრება. ამ შემთხვევაში იმის თქმაც შეიძლება, რომ იგი გადაღლილია და დასვენება ესაჭიროება. ადამიანი, რომელსაც ლურჯი ფერი უყვარს, სულიერად მშვიდია და სურს, მისი ცხოვრება მყარ მორალურ-ეთიკურ საფუძველს ეყრდნობოდეს.

„ლურჯი და ცისფერი სახელების“ მფლობელები ძალიან მიმნდობები არიან და სურთ, რომ მათაც ასევე ენდობოდნენ.

აქვე ალბათ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ლურჯი ფერი ზოგჯერ სიცივის შეგრძნებას იწვევს. ზოგიერთ უძველეს კულტურაში ის დარდისა და ნაღველის სიმბოლო იყო. გამომდინარე აქედან, ამ ფერის სახელის მატარებელი ადამიანები შესაძლოა იდუმალებითა და გარეგნული სიცივითაც გამოირჩეოდნენ. მათ ხშირად ურთიერთგამომრიცხავი თვისებები ახასიათებთ. გარეგნულად მშვიდ, პოეტური „ლურჯი სახელის“ მქონე პიროვნებას ზოგჯერ ისეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რომელიც უდიდეს რისკსა და ხიფათთან არის დაკავშირებული.

ამ ადამიანებმა საოცარი სიყვარული იციან, მათვის ეს გრძნობა ცხოვრების აზრს წარმოადგენს, მაგრამ თუ ეს რწმენა ენგრევათ, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს მათი იდუმალი სულისკვეთება და მახვილი გონება…

ყვითელი სახელები

„ყვითელ სახელებში“ პირველ ხმოვნად „ო“ ფიგურირებს: ნონა, ოთარი, ოლღა, დოდო და ა. შ.

ყვითელი მზის ფერია, ამიტომ სიმბოლურად მას ადღგომასა და განახლებას უკავშირებენ. ეს ფერი თითქოს მზის სითბოს ასხივებს, ათბობს და ანათებს მის მფლობელებსა და გარშემომყოფებს. ყვითელი ფერის მთელი ენერგია შემეცნების, სულიერების, ინტელექტის სიღრმეებისკენ მიედინება.

„ყვითელი სახელის“ მატარებელი ადამიანები სიფხიზლითა და ენერგიულობით გამოირჩევიან, თუმცა ხშირად იმპულსურებიც არიან, ორიგინალურობასთან ერთად. მათვის უცხოა საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში ჩაკეტვა, კანონების დაცვა. ისინი თავისუფლებას ესწრაფვიან…

ყვითელი ოქროს ფერადაც ითვლება, ამიტომ ხშირად უმაღლეს საფეხურზე მდგომი წრის კუთვნილებად აღიქმება.

დადებით თვისებებთან ერთად ყვითელი ფერი თავისი ინტენსიური გამოსხივებით ხშირად მოუსვენრობასაც ბადებს ადამიანში, როგორღაც თრგუნავს მას. ცვლილებებისადმი გადაჭარბებული სწრაფვა ზედაპირულ გრძნობებს, შეხედულებებსა და გატაცებებს უდებს სათავეს და ალბათ ტყუილად არ ამბობენ, ყვითელი ყვავილები სიყვარულში ღალატის ნიშანიაო. „ყვითლად შეღებილი წრის დათვალიერებისას ხედავ, რომ ყვითელი ასხივებს სინათლეს, გამოდის ცენტრიდან და თითქმის აშკარად შენკენ მოემართება… ყვითლის პირველი მოძრაობა ადამიანისკენ სწრაფვაა, მეორე კი – საზღვრების გადალახვისა და სივრცეში ძალების გაფანტვის სურვილი…“ – წერს კანდინსკი.

„ყვითელი სახელის“ მფლობელი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ამბიციურები არიან, რის გამოც იტანჯებიან და ზოგჯერ ისჯებიან კიდეც. ფსიქოთერაპევტების აზრით, ძირითადად, მამაკაცებისთვის უმჯობესია, თუ ასეთი სახელი არ ერქმევათ.

ზემოთქმულის გარდა ყვითელ ფერს ის უარყოფითი დატვირთვაც აქვს, რომ, მაგალითად, შემოდგომის ფერად არის მიჩნეული და მომაკვდავ ბუნებას განასახიერებს. ევროპაში ყვითელი ჯვარი ჭირის ნიშანი იყო. ფაშისტები კი ყვითელი ვარსკვლავებით ნომრავდნენ განწირულ ებრაელებს. იაფფასიან სენსაციებზე მონადირე ჟურნალ-გაზეთებს „ყვითელ პრესას“ უწოდებენ, „ყვითელი სახლი“ კი ხშირად საგიჟეთს აღნიშნავს.

მგონი, დაგაღონეთ „ყვითელი სახელების“ მფლობელებო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და უარყოფითთან ერთად ჩვენ ამ ფერის დადებით მხარეებზეც ბევრი ვისაუბრეთ. რა თვისებებს განავითარებთ საკუთარ თავში, ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

იისფერი სახელები

იისფერ სახელებში პირველი ხმოვანი „უ“ გახლავთ: ნუცა, ნუგზარი, ნუკრი, გულიკო… ამ ადამიანებში ხშირად „წითელი“ და „ლურჯი“ სახელების თვისებების სინთეზს ვხვდებით. იმპულსური აგრესიულობა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და ლურჯი ფერისთვის დამახასიათებელი იდუმალება „იისფერ სახელებს“ მართლაც რომ მისტიკურ საბურველში ხვევს. პრინციპში, იისფერი თავადაც უცნაური, გაურკვეველი, ერთგვარად ჯადოსნური ფერია. ზოგიერთ რელიგიაში ის ტანჯვის შედეგად განწმენდის სიმბოლოს წარმოადგენს.

„იისფერი სახელის“ მატარებელი ადამიანები ძალიან ხშირად ბოლომდე ექცევიან „თავიანთი ფერის“ გავლენის ქვეშ და სრულიად არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ, თითქოს მოჯადოებულები არიან. მათთვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს ადამიანებთან ძალზე ახლო, თითქმის ინტიმური სულიერი ურთიერთობა. ხშირად ოცნებები მათთვის რეალობაზე ძვირფასია. ამ ფერის სახელების მფლობელებში ხშირად ვხვდებით წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს.

კანდინსკის აზრით, იისფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის  ნერვულ სისტემაზე. ზემოხსენებულ ლიუშერის ფერთა ტესტში მას, ძირითადად, ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ უპირატესობას. თავად ფსიქოთერაპევტი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ იისფერი გაუწონასწორებლობის ფერია, ფეხმძიმობის პერიოდში კი ქალს სწორედ ეს განცდა აქვს.

სხვათა შორის, „იისფერი სახელის“ მქონე ადამიანები რატომღაც ხშირად უკმაყოფილონი არიან თავიანთი სახელით, მაგრამ რატომ – ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემენ…

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close