საფოსტო ამანათებსა და ინტერნეტით გამოწერილ ნივთებზე დაუბეგრავი 300-ლარიანი ლიმიტი 500 ლარამდე გაიზრდება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებულ საქონელზე იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლში.
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებლის, გიორგი კანდელაკის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილება კურსთა სხვაობიდან გამომდინარეობს. ლიმიტი ეხება იმ პროდუქციას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისთვის ხელშეწყობა, რომლებსაც ელექტრონულად გამოწერილი საქონლის შემთხვევაში, დოლარის (ევროს) კურსის ზრდის გამო წარმოქმნილი კურსთა სხვაობიდან გამომდინარე, დოლარში (ევროში) იმავე ფასის საქონლის განბაჟება უწევს, რომელიც ადრე საბაჟო დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა.
განბაჟების დაუბეგრავი 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა, მანამდე, 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების დაუბეგრავი 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა ანუ 1500 ლარამდე ღირებულების საქონელი იმპორტის გადასახადისგან თავისუფალი იყო. ლიმიტი მას შემდეგ შემცირდა, რაც უცხოეთიდან ნივთების ინტერნეტით გამოწერა გახდა პოპულარული.
კომენტარები