მატეო სალვინი: „JUS SOLI იტალიაში? ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია!“

იტალიის ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი მატეო სალვინი თანხმაა, შეხვდეს 13 წლის ეგვიპტელ ბიჭს, რამის, რომელმაც სენეგალელი მძღოლის მიერ 20 მარტს სასკოლო ავტობუსის გატაცებისას მოახერხა და მალულად, ვითომ ლოცულობდა, 112-ში დარეკა. თუმცა სალვინიმ იქვე დააზუსტა, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონში არავითარი ცვლილება არ იქნება.

„Jus soli*? – ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია. ჩვენ არ გვჭირდება ახალი კანონი. მოქალაქეობა – სერიოზული რამაა და სწორია, რომ უცხოელები მას იღებენ მხოლოდ ინტეგრაციის გზის  ბოლოს, ეს არ არის ბილეთი ლუნა პარკში“, – განაცხადა სალვინიმ და ხაზი გაუსვა, რომ იტალია ისედაც ევროპის სხვა ქვეყნებზე ხშირად ანიჭებს მოქალაქეობას უცხოელებს, ცალკეულ გამონაკლის შემთხვევაში იტალიის მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უფრო ადრეც, მაგრამ კანონი არ შეიცვლება.

რაც შეეხება რამის, 13 წლის ეგვიპტელ იმიგრანტს, რომელმაც  სან დონატოში, მილანთან ახლოს ტერორისტი მძღოლის მძევალი 51 ბავშვი გადაარჩინა, ამასთან დაკავშირებით სალვინიმ აღნიშნა: „ჩვენ ვაგრძელებთ ყველა აუცილებელ შემოწმებას, ვიმედოვნებ, რომ შევხვდები მას უახლოეს მომავალში და მადლობას გადავუხდი მამაცობისთვის“.

შეგახსენებთ: რამის მამამ ინციდენტის შემდეგ გააკეთა კომენტარი, რომ მისი შვილი მამაცობისთვის იტალიის მოქალაქეობას იმსახურებდა, რასაც ბევრი ადამიანი, მათ შორის, პრემიერი კონტეც დადებითად გამოეხმაურა, თუმცა სალვინიმ აღნიშნა, რომ მათ ენთუზიაზმს არ იზიარებს.

*Ius soli („იუს სოლი“, სიტყვასიტყვით – „მიწის უფლება“) – იურიდიული ტერმინი, რომელიც ნიშნავს ადამიანებისთვის იმ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების უფლებას, რომლის ტერიტორიაზეც ისინი დაიბადნენ მიუხედავად მათი რასობრივი, ეროვნული თუ ენობრივი კუთვნილებისა. ამ პრაქტიკას რამდენიმე ქვეყანა მისდევს (მაგ., აშშ, კანადა, არგენტინა, ბრაზილია და ..)

წყარო: https://www.huffingtonpost.it/2019/03/24/matteo-salvini-ius-soli-non-se-ne-parla-spero-di-incontrare-presto-ramy_a_23699359/

კომენტარები