შეუცნობელი

შუმერები და ვარსკვლავებით წინასწარმეტყველება

უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები – შუმერები ასტროლოგიის მამამთავრებად ითვლებიან, თუმცა საკითხი სადავოა, რადგან ადვილი შესაძლებელია, მათ ცივილიზაციამდეც არსებობდნენ სხვა ცივილიზაციები, რომლებიც ცასა და მნათობებს სწავლობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ შუმერებმა კარგად იცოდნენ ვარსკვლავების „ენა“ და მათი ზეგავლენა ადამიანზე.

გარდა ასტროლოგიისა, რომელიც შემდგომში პარამეცნიერებად ჩამოყალიბდა, შუმერებს სხვა სახის ცოდნაც ჰქონდათ, რასაც განსაკუთრებით საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად იყენებდნენ. ამ ცოდნის უდიდესი ნაწილი დაკარგულია, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა ჩვენს ეპოქამდე მაინც მოაღწია.

ვარსკვლავებზე წინასწარმეტყველების მრავალი სახეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ სიზმარში ვარსკვლავების ნახვა, შუმერების რწმენით, ბედნიერი მომავლის მაუწყებელია, მათი საშუალებით წინასწარმეტყველების უმარტივესი მეთოდები არსებობს. დღეს რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:

აირჩიეთ მშვიდი, უქარო საღამო, როდესაც ზეცა ვარსკვლავებით იქნება მოჭედილი. უკეთესია, თუ ამგვარი წინასწარმეტყველებისთვის სოფელს (ქალაქის ატმოსფერო მტვრით არის გაჯერებული და ვარსკვლავების ჭვრეტისას შესაძლოა შეცდომა დაუშვათ) აირჩევთ: ვარსკვლავებს ერთი-ორი წუთის განმავლობაში უცქირეთ. ეს დრო, ასე ვთქვათ, ურთიერთობის დასამყარებლადაა საჭირო. რამდენიმე წუთის შემდეგ იგრძნობთ ერთგვარ კავშირს მათთან. ამის შემდეგ ვარსკვლავებს თქვენთვის საინტერესო შეკითხვა დაუსვით, რომლის პასუხიც შეიძლება იყოს „დიახ“ ან „არა“. თუ კითხვის დასმის შემდეგ დაინახავთ, რომ ვარსკვლავები უფრო აკიაფდნენ, ან მათ სხივებში რაიმე განსაკუთრებული ციალი შეამჩნიეთ, პასუხი დადებითი იქნება. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შინაგან გრძნობას – უფრო შინაგანი ხედვით დაინახავთ ვარსკვლავებს. მაგრამ თუ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეამჩნევთ, ან ვარსკვლავებს ღრუბლები დაფარავს, პასუხი, პირიქით, უარყოფითია.

შუმერების რწმენით, ვარსკვლავებს შეუძლიათ თქვენი მომავლის შესახებ ინფორმაცია სიზმარშიც მოგაწოდონ. ამისთვის ძილის წინ გამოდით სახლიდან, უცქირეთ ზეცას და დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი წარმოთქვით: „ვარსკვლავებო, ვარსკვლავებო, მამცნეთ ჩემი მომავალი ან ბედი“. ის, თუ რა გელოდებათ, სავარაუდოდ, იმავე ღამეს დაგესიზმრებათ.

სხვათა შორის, მსგავს მეთოდებს ზოგიერთი ჩინელი ბრძენიც იყენებდა. ისინი იძინებდნენ და განმარტებებს საინტერესო კითხვებზე ამის შემდეგ იძლეოდნენ.

შუმერებისგან მოდის დღესაც ფართოდ გავრცელებული ჩვეულება – ვარსკვლავებისთვის სურვილების ჩათქმა. გამოდით გარეთ, უცქირეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ეძებეთ ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებით მოგეწონებათ, რომლის შუქისგანაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიამოვნებას იგრძნობთ; როდესაც მოძებნით, სურვილი ჩაუთქვით. დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში დახუჭეთ თვალები და თუ „თქვენს“ ვარსკვლავს თვალის გახელისთანავე მოძებნით, სურვილი აგისრულდებათ, ხოლო თუ „დაგემალათ“, ვერ აღმოაჩინეთ, ან მის აღმოსაჩენად დრო დაგჭირდათ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს სურვილებს ასრულება არ უწერია.

გათხოვილი შუმერი ქალები, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ, დაჟინებით აკვირდებოდნენ ზეცას და მოწყვეტილ ვარსკვლავს ეძებდნენ. თუ ისინი ცაზე ამგვარ ვარსკვლავს იხილავდნენ, ეს ორსულობის მაუწყებელად მიაჩნდათ. ასეთ წინასწარმეტყველებას ქალები შუასაუკუნეების ინგლისშიც მიმართავდნენ.

და, რაღა თქმა უნდა, მთვარე: მას როგორც შუმერები, ისე სხვა ხალხები მომავლის წინასწარმეტყველებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მთვარე მჭიდროდაა დაკავშირებული სიზმრებთან. ჩვენამდე მოღწეულია მთვარის საშუალებით წინასწარმეტყველების რამდენიმე უმარტივესი ხერხი.

ახალმთვარიანობის დროს (როდესაც ახალი მთვარე პირველად გამოჩნდება ცაზე) გამოდით სახლიდან, მთვარეს ვერცხლისფერი ბლაგვი დანა მიუშვირეთ და დაახლოებით შემდეგი სახის ტექსტი წარმოთქვით: „ახალო მთვარევ, იყავი გულახდილი, მამცნე ჩემი მომავალი მე“. ამის შემდეგ არავის დაელაპარაკოთ, დანა ბალიშის ქვეშ დაიდეთ და დაიძინეთ. დილით გაიხსენეთ თქვენი სიზმარი – შუმერების რწმენით, მან შესაძლოა ბევრი რამ გამცნოთ თქვენი მომავლის შესახებ.

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დილაობით ცაზე მთვარის მდებარეობას. თუ დილით მთვარეს თქვენ ზემოთ ან მარჯვნივ დაინახავთ, ეს თვე თქვენთვის ძალიან კარგი იქნება, ხოლო თუ მთვარე მარცხენა მხარესაა, ან თუ მის დასანახად მობრუნება დაგჭირდათ, ის თვე თქვენთვის წინააღმდეგობრივი იქნება.

მთვარეს თქვენს ფინანსურ საქმეებზეც შეგიძლიათ შეეკითხოთ. ამისთვის სავსემთვარიანობის დროს (როდესაც სავსე მთვარე პირველად გამოჩნდება ცაზე) დაანახვეთ მას ვერცხლის მონეტა ან ვერცხლისფერი ნივთი (შეიძლება რამე ლითონის ნატეხი) და სთხოვეთ, გამცნოთ როგორ წავა თქვენი ფინანსური საქმეები ამ თვეში. შემდეგ არავის დაელაპარაკოთ და ნივთი ბალიშის ქვეშ დაიდეთ. შუმერების რწმენით, მთვარე პასუხს სიზმარში გამცნობთ.

შეგახსენებთ, რომ უახლოესი ახალმთვარეობა 5 აპრილსაა.

თამთა გურული

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close