იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ჯორჯო არმანი შემოსავს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჯორჯო არმანისთან, რომლის კომპანიაც იტალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს (მამაკაცებს 21 წელს ზემოთ და ქალებს) სპორტული ფორმით უზრუნველყოფს. ამის თაობაზე ASKANEWS-ი წერს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას თქმით, ამგვარი თანამშრომლობა საფეხბურთო ხელმძღვანელობას ძალიან ახარებს და ისინი იმედოვნებენ, რომ ერთობლივი ძალებით გაამყარებენ მთელ მსოფლიოში ბრენდს „made in Italy“.
არმანიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისთვის სასიხარულოა ფეხბურთის სამყაროში დაბრუნება „ჩელსისა“ და „ბავარიასთან“ თანამშრომლობის შემდეგ. როდესაც საუბრობდა თავის წარმოდგენებზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სპორტული ფორმა, დიზაინერმა „სიმსუბუქესა“ და „ელეგანტურ პრაქტიკულობაზე“ გააკეთა აქცენტი.
შეგახსენებთ, რომ სწორედ არმანიმ შექმნა 2012 და 2016 წლებში იტალიის ოლიმპიური ნაკრების უნიფორმა, უფრო ადრე კი, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მან შემოსა იტალიის საფეხბურთო ნაკრები.
აღსანიშნავია, რომ როგორც კალათბურთის დიდი გულშემატკივარი, ჯორჯო არმანი 2008 წლიდან იტალიის საკალათბურთო გუნდის, Olimpia Milano-ს მფლობელია.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები