დღეს საბერძნეთის პარლამენტი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს მიიღებს

საბერძნეთის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 19 მარტს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტი, რომელშიც, სხვა დებულებებთან ერთად, გათვალისწინებულია ცვლილებები ქვეყნის კანონმდებლობაში ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების წესთან დაკავშირებით.

როგორც უკვე გატყობინებდით, მთავარი ცვლილებები შემდეგ საკითხებს ეხება:
1. განაცხადის შეტანისას აუცილებელი სახელმწიფო ბაჟი, ე. წ. პარავოლო 700-იდან 550 ევრომდე შემცირდება;

2. კანდიდატებმა სწორად უნდა უპასუხონ 20 კითხვას იმ 30 კითხვიდან, რომელიც ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. ელქეტრონულ ბაზაში სულ 300 კითხვა იქნება და კანდიდატებს საშუალება მიეცემათ, წინასწარ გაეცნონ სწორ პასუხებს;

3. გამარტივდება განაცხადების განხილვის პროცედურა, რის შედეგადაც განხილვის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდება;

4. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ბერძნული წარმოშობის მოქალაქეების საკითხს უკვე არსებული კომისიები გამარტივებული წესით შეისწავლიან და მნიშვნელობა აღარ ექნება, როდის ჩავიდნენ ისინი საბერძნეთში, რაც დღემდე მნიშვნელოვან შეზღუდვას წარმოადგენს.

კანონის დამტკიცების შემდეგ მის დეტალებს გაგაცნობთ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები