გრიპის ეპიდემიამ ამ ზამთარს საბერძნეთში 111 ადამიანი იმსხვერპლა, სავალალო სტატისტიკა კიდევ შეიძლება გაიზარდოს

ზამთრის სეზონის დაწყებიდან საბერძნეთში, მთლიანობაში, 111 ადამიანი გარდაიცვალა გრიპისგან გამოწვეული გართულებების გამო – ინფორმაციას საბერძნეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი (KEELPNO) აქვეყნებს.

ამ მაჩვენებლით წლევანდელი ზამთარი გრიპის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რთულია საბერძნეთის ისტორიაში.

KEELPNO ქვეყანას გრიპის შემთხვევების თაობაზე ყოველ კვირაში აწვდის ინფორმაციას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, მომავალი განცხადება 14 მარტს გამოქვეყნდება. არსებობს იმედი, რომ ამ განცხადებაში ინფექციის უკან დახევაზე იქნება საუბარი.

KEELPNO-ს ბოლო მონაცემებით, 111 გარდაცვლილიდან 99 ინტენსიური თერაპიის (რეანიმაცია) განყოფილებაში იყო მოთავსებული და მხოლოდ 12 მათგანი მკურნალობდა საავადმყოფოების ჩვეულებრივ განყოფილებებში.

დღევანდელი მონაცემებით, საბერძნეთში ამ ზამთარს მთლიანობაში 337 ადამიანს დაუდგინდა გრიპის მძიმე ფორმა, მათგან 325 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

KEELPNO-ს ინფორმაციით, იმ პაციენტთა შორის, რომლებმაც ექიმებს 25 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდში  მიაკითხეს, მხოლოდ 4,5%-ს ჰქონდა გრიპის  სიმპტომები, რაც 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა კვირაში.

შემთხვევათა შემცირების მიუხედავად ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები საზოგადოებას გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ ისევ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ გრიპის სეზონი, საბერძნეთში, როგორც წესი, მარტის ბოლომდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტები შიშობენ, რომ სავალალო სტატისტიკა კიდევ გაიზრდება.

კომენტარები