პლანეტის უმდიდრესი ადამიანების 2019 წლის რეიტინგში, რომელიც „ფორბსმა“ 5 მარტს გამოაქვეყნა, კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს 131 მილიარდი დოლარით, ვინაიდან ცოლთან გაშორების პროცესში საქმე ქონების გაყოფამდე ჯერ არ მისულა.
კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი კვლავ მეორე ადგილზეა: მისი ქონების ღირებულება 96,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ მან პირველობა გასულ წელს ბეზოსს დაუთმო, ხოლო მიმდინარე წელს კვლავ მეორე ადგილზეა მხოლოდ იმიტომ, რომ 35,8 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებისთვის დახარჯა.
კიდევ ერთი ცნობილი ფილანთროპი, ფინანსისტი უორენ ბაფეტი მესამე ადგილზე რჩება 82,5 მილიარდი დოლარით.
„ფორბსის“ რეიტინგით, ამჟამად მსოფლიოში 2 ათასზე ოდნავ მეტი მილიარდერია, ხოლო მათი ქონების საერთო ღირებულება, ჟურნალის შეფასებით, 8,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს გვერდი არ აუვლია პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვისაც: გასულ წელს მილიარდერთა რიგები შეთხელდა, განსაკუთრებით – აზიაში. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მდიდართა კლუბს შარშანდელი წევრებიდან ყოველი მეათე გამოაკლდა, თუმცა ახალი წევრებითაც შეივსო და, საერთო ჯამში, მილიარდერთა რიცხვი მხოლოდ 55 ადამიანით შემცირდა, ხოლო მათი საერთო ქონება – 400 მილიარდი დოლარით.
„ფორბსის“ 2019 წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ამ მაჩვენებლით იგი 365-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით ბიძინა ივანიშვილის ქონება, „ფორბსის“ მიხედვით, 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და ქართველმა მილიარდერმა 456-ე ადგილიდან წელს 365-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ის. რეიტინგი სრულად: https://www.forbes.com/billionaires/#3a8ff48251c7
კომენტარები