ბინადრობის უფლების აღება გსურთ? – ჯერ შეამოწმეთ, ხომ არ იყო თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული
ბევრი თქვენგანი, როდესაც კეთილსინდისიერ ადვოკატთან მიდის და იღებს პასუხს, რომ ამ მომენტისთვის მისი საბუთები ვერ გაკეთდება, ამ პასუხს არ სჯერდება და „სხვა“ გზას ეძებს. „სხვა“ გზას თქვენთვის პოულობენ ადამიანები, რომლებიც სანაცვლოდ თქვენგან საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენ. სამაგიეროდ თქვენ იღებთ დროებით „რაღაც“ საბუთს. შემდეგ გადის რამდენიმე წელი და მაშინ, როდესაც უკვე კანონით მართლაც გეკუთვნით ბინადრობის უფლება, აღმოაჩენთ, რომ თურმე რამდენიმე წლის წინ ისე გაგასამართლეს ყალბი საბუთების გამოყენებისთვის, რომ თქვენ ეს ვერც კი შეიტყვეთ.
რა თქმა უნდა, ის, რომ ვერ შეიტყვეთ, შემთხვევითი სულაც არ არის. როდესაც არასანდო ადამიანებთან იჭერთ საქმეს, ისინი განგებ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ თქვენ ვერასოდეს მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყოთ და არა მარტო ეს, არამედ ვერც ვერასდროს შეიტყოთ, რომ ოდესღაც თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, გაგასამართლეს და პირობითი მსჯავრიც მოგისაჯეს.
ყველაზე სავალალო ის არის, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასჯელი 12 თვეზე მეტი მიესაჯა, მაშინ ის ბინადრობის უფლებას ვეღარ მიიღებს. ბერძნული სამართალწარმოების ნელი ტემპიდან გამომდინარე, ამ სავალალო რეალობის წინაშე ადამიანები დგებიან შეცდომის ჩადენიდან დაახლ. 3-5 წლის შემდეგ. ამ დროს ადამიანები უკვე სამართლებრივად ურთულეს პოზიციაში არიან. ეს იმიტომ, რომ ბერძნული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რაღაც 10 დღის ვადაში. და მაინც, ასეთ დროს, ერთადერთი სწორი გამოსავალი არსებული გადაწყვეტილების თუნდაც ვადების დარღვევით გასაჩივრებაა.
სწორედ ასეთ საქმეზე კვირის დასაწყისში ათენის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება – წარმოებაში მიიღო და არსებითადაც დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, რომელიც ეხებოდა ჩემი კლიენტის მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ვადების დარღვევით გასაჩივრებას. სასამართლომ გაითვალისწინა ჩემი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ხდება გარკვეული დოკუმენტების ყალბად ცნობა, სასამართლოს აქვს არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულებაც, ex officio, გადახედოს და მოიკვლიოს, თუ რა დონეზე აყენებს ეჭვქვეშ მოცემული დუკუმენტის ყალბად ცნობა პროცედურული სამართლით მოთხოვნილ მონაცემების სიზუსტეს.
თუ ზოგადად ეჭვი გაქვთ, რომ თქვენ წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი პროცედურა შეიძლება მიმდინარეობდეს, ჯობია, ეს დროულად გადაამოწმოთ. ამგვარად შეიძლება თავიდან აიცილოთ ძალიან დიდი უსიამოვნება, რომელიც თქვენს სამომავლო ლეგალიზაციის პროცესს (და არა მხოლოდ) შეიძლება ეხებოდეს.
ადვოკატ პაატა სიმსივეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 6994723456
კომენტარები