AFFARI ITALIANI: იტალიის ჩრდილოეთი რეგიონები ავტონომიას უახლოეს მომავალში მიიღებენ
„ლიგის“ ლიდერი, იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი კოალიციაში თავისი პარტნიორებისგან დაბეჯითებით მოითხოვს რეგიონული ავტონომიის გაფართოების შესახებ კანონის მიღებას – ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო AFFARI ITALIANI იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, სალვინიმ მოლაპარაკებები აწარმოა თავისი პარტიის წევრებთან, ლომბარდიის (მილანი) და ვენეტოს (ვენეცია) გუბერნატორებთან – ატილიო ლომბარდისა და ლუკა ძაიასთან. ორივე გუბერნატორი მოუწოდებს სალვინის, დაუყოვნებლივ შეასრულოს ეს წინასაარჩევნო დაპირება.
პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და სამთავრობო კოალიციის მეორე პარტიის ლიდერთან, ვიცე-პრემიერ ლუიჯი დი მაიოსთან ცოტა ხნის წინ გამართულ „სამუშაო ვახშამზე“ სალვინიმ მიკიბ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ მოვიდა დრო, მიიღონ კანონმდებლობა ავტონომიის შესახებ.
ლომბარდია და ვენეტო ის რეგიონებია, სადაც „ლიგის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია (ზოგიერთი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, 50%-ს აჭარბებს), ამიტომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ (რომელიც მაისში გაიმართება) სალვინის პარტიისთვის მნიშვნელოვანია თავისი ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება ავტონომიების გაფართოების შესახებ.
Affari Italiani-ს მიმომხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საწყის ეტაპზე დაპირება ნაწილობრივ შესრულდეს – ცენტრიდან რეგიონებს გადაეცეთ არა 23 ახალი უფლებამოსილება, არამედ ნაკლები.
რამდენიმე ხნით ადრე (18 თებერვალს) ნეაპოლის მერმა ლუიჯი დი მაჯისტრისმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ აპირებს მიაღწიოს 2019 წელს რეფერენდუმის გამართვას ქალაქის „ტოტალური ავტონომიის“ საკითხზე.
ავტონომია ნეაპოლს მეტ ეკონომიკურ რესურსს მოუტანს და ფინანსურ შეზღუდვებს შეამცირებს, საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად განვითარდეს და უთანასწორობა შეამციროს, – ასე მიაჩნია მერს.
მისი თქმით, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, იტალიის სამხრეთი სულაც არ არის „ბალასტი“ ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის, პირიქით, მას შეუძლია გახდეს „ძრავა“ უფრო შეკრული და სამართლიანი იტალიისთვის.
რეფერენდუმის ჩატარების გამარტივება, ისევე როგორც რეგიონების ავტონომიური უფლებამოსილებების გაფართოება, იტალიის მმართველი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა. ადგილზე რეფერენდუმების ჩატარების გამარტივების შესახებ კანონპროექტს იტალიის პარლამენტი ამჟამად განიხილავს. განიხილება ჩრდილოეთ იტალიის ორი რეგიონის, ლომბარდიის (მილანი) და ვენეტოს (ვენეცია) ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხიც.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები