3 წამყვან „ოსკაროსან“ ფილმზე ქართველმა ხმის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმა იმუშავა

2019 წელს „ოსკარის“ ყველაზე პრესტიჟულ, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ კინოსურათზე „მწვანე წიგნი“ ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა. „მწვანე წიგნის“ ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიოჩანაწერი სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია „ესპლანადაში“ მომზადდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატში,  ლუიზიანაში, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

მიშა კაჭკაჭიშვილს „ამერიკის ხმა“ ტელეფონით დაუკავშირდა და როგორც აღმოჩნდა, მას 2019 წლის „ოსკაროსან“ კიდევ 2 ფილმზე უმუშავია – „შავი კლანის კაცი“ და „ვარსკვლავი დაიბადა“.

რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის „შავი კლანის კაცი“ მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი. როგორც მიშა ჰყვება, ბლანჩარდთან ერთად მას ალბათ  მინიმუმ 5-6 ფილმზე მაინც უმუშავია. ბლანჩარდიც ახალ ორლეანში ცხოვრობს.

„შავი კლანის კაცის“ და „მწვანე წიგნის“ ტიტრებში ნახსენებია მიშას სტუდია „ესპლანადა“ და თავად მისი, როგორც ხმის ჩაწერის რეჟისორის (Recording Engineer, Mixer), სახელი და გვარიც.

ფილმის „ვარსკვლავი დაიბადა“ ტიტრებში მიშას სახელი არ მოხვდა, რადგან ის მუსიკა, რომელიც ფილმისთვის „ესპლანადაში“ ჩაწერეს, საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს.

რაც შეეხება „მწვანე წიგნს“, როგორც მიშა კაჭკაჭიშვილი ამბობს, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო და მასთან სტუდია „ესპლანადაში“ ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. „ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე“, – ამბობს ქართველი ხმის რეჟისორი.

ფილმების გარდა, სტუდია „ესპლანადაში“, რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფ „ლაივის“ ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, „ესპლანადაში“ იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. მიშასთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.

მოუსმინეთ მიშა კაჭკაჭიშვილის სტუდია „ესპლანადაში“ ჩაწერილ სიმღერას OLD BLACK MAJIC „ოსკაროსან“ ფილმ „მწვანე წიგნიდან“.

წყარო: „ამერიკის ხმა“, ავტორი – მაია ქვარცხავა

იხ. სტატიის სრული ვერსია: https://www.amerikiskhma.com/a/oscars-misha-kachkachishvili-studio/4806048.html?fbclid=IwAR3UsrUAjYmtOhrGxuwPTMl0Haf5bWJLsMzR6ERV3g5cDNHHoThiD52boY8

კომენტარები