იტალიაში საკუთარ სახლში თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება კანონით ნებადართული ხდება

ფოტო: liberopensiero.eu
კანონს შეიარაღებული თავდაცვის ლეგიტიმაციის შესახებ იტალიის პარლამენტი მიმდინარე წლის მარტში მიიღებს, – ამის თაობაზე შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია.

საინფორმაციო სააგენტო Askanews-ის ინფორმაციით, მმართველ კოალიციაში მიღწეულია შეთანხმება ზემოაღნიშნული კანონის მიღების თაობაზე. სალვინის თქმით, გავრცელებული ხმები მისი განხილვის შესაძლო გადატანის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება.

კანონპროექტის მიხედვით, იტალიის მოქალაქეებს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქურდებისა და მძარცველებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო საკუთარი სახლის საზღვრებში.

უფრო ადრე, იანვარში ამ თემაზე საუბრისას მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა, იტალიის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ შიში, თითქოს შეიარაღებული თავდაცვის ლეგალიზაციის შესახებ  კანონის მიღების შემდეგ იტალია „ველურ დასავლეთად“ გადაიქცევა, უსაფუძვლოა. მისი თქმით, ინიციატივა არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, რადგან გულისხმობს მხოლოდ მათ გათავისუფლებას პასუხისმგებლობისაგან, ვინც იარაღს თავისი სახლის საზღვრებში თავდაცვის მიზნით გამოიყენებს.

იანვარში სალვინი აცხადებდა, რომ კანონი თებერვალში შევიდოდა ძალაში. სენატმა და მთავრობამ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა, ხოლო პარლამენტის ქვედა პალატაში, სადაც კანონპროექტი ჯერ არ განუხილავთ, როგორც შს მინისტრი ამბობს, უკვე მიღწეულია შეთანხმება მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებთან.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები