ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლა პირველი მაისიდან ფასიანი ხდება
ვენეციის კომუნალურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ქალაქის ისტორიულ ცენტრში შესვლა პირველი მაისიდან ფასიანი იქნება – ამის თაობაზე საბჭოს წევრმა ჯოვანი ჯუსტომ განაცხადა.
ჯერჯერობით ამ სიახლეს ექსპერიმენტის სახე აქვს – ქალაქის კომუნალური საბჭო ერთი წლის განმავლობაში დააკვირდება, როგორ იმუშავებს დადგენილება და რა შედეგებს მოიტანს. თუ ექსპერიმენტს წარმატებულად აღიარებენ, საბჭოს შესაძლებლობა ექნება შემოიღოს დიფერენცირებული გადასახადი ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლაზე, რომელიც მაქსიმუმ 10 ევრო იქნება. მიღებული სახსრები ქალაქის კეთილმოწყობასა და ტურისტების მიერ დატოვებული ნაგვის გატანას მოხმარდება.
ჯერჯერობით ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლისთვის 3 ევროა დაწესებული. გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან ვენეტოს ოლქის და თავად ვენეციის მკვიდრნი, რომლებიც სხვაგან გადავიდნენ.
შესვლის საფასური – მორიგი მცდელობაა, შეამცირონ ტურისტების ნაკადი ვენეციაში. ქალაქის ხელისუფლება უკვე იყენებს სპეციალურ მოწყობილობას ყოველდღიურად შესული ტურისტების დასათვლელად. შეკრებილი მონაცემები საშუალებას აძლევს ვენეციის ხელისუფლებას, ტურისტების ნაკადის კონტროლით ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრება უფრო ასატანი გახადოს. წინასწარ ცხადდება თარიღები, როდესაც ვენეციაში ტურისტების ყველაზე დიდ ნაკადებს ელოდებიან. შესაბამისად დგება საწყლოსნო ტრანსპორტის განრიგიც, ხოლო ქუჩებში მეტი პოლიციელი გამოდის წესრიგის დასაცავად.
ამას გარდა, ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ წინადადება წამოაყენა, შემოიღონ ახალი ჯარიმები ტურისტებისთვის. მოგზაურებს აუკრძალავენ ძეგლების, გალერეების, ეკლესიების კიბეებზე ჯდომას ან წოლას. აკრძალვების სიაში, აგრეთვე, მოხვდება მტრედების გამოკვება და ველოსიპედით გასეირნება. დამრღვევებს ეს ყველაფერი 50-იდან 500 ევრომდე შეიძლება დაუჯდეთ.
კომენტარები