საყურადღებო ინფორმაცია საბერძნეთში უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების მსურველთათვის

ჩვენი ვებგვერდი არაერთხელ წერდა საბერძნეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის თაობაზე და ამ ინფორმაციამ მკითხველთა ინტერესი გამოიწვია. დაგვიკავშირდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ინდივიდუალური დახმარება გვთხოვეს. რამდენადაც ჩვენი გვერდი საინფორმაციო ხასიათისაა, ეს ჩვენს კომპეტენციას არ წარმოადგენს, თუმცა გვინდა კიდევ ერთხელ აღვწეროთ ის პროცედურები, რომელთა გავლაც მოუწევთ საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებს.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ პროცესი პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს:
სწავლის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეაგროვონ საჭირო დოკუმენტები, რათა საბერძნეთის განათლების სამინისტროში დროულად და სრულყოფილად წარადგინონ. ეს პროცესი საკმაო დროს მოითხოვს, რადგან ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირდება. საბუთების შეგროვებისა და განათლების სამინისტროში განაცხადის შეტანისას მნიშვნელობა არ აქვს, კანდიდატი საბერძნეთში იმყოფება თუ საქართველოში. აღნიშნული საკითხის თაობაზე ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ამ სტატიაში: როგორ მივიღოთ უმაღლესი განათლება საბერძნეთში უფასოდ და მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება

დაწვრილებით ინფორმაციას საბუთებთან დაკავშირებით წაიკითხავთ ამ სტატიაში: საბუთები, რომლებიც დაგჭირდებათ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ნიმუშები)

მეორე საკითხი ბერძნული ენის სერტიფიკატს ეხება. სტუდენტს სწავლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუკი იგი B2 დონის სერტიფიკატს ფლობს (იხ. სტატია: ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთათვის).

B2 დონის სერტიფიკატის აღება შეგიძლიათ, თუ შესაბამის გამოცდას ჩააბარებთ, რომელსაც ბერძნული ენის ცენტრი ყოველი წლის მაისში ატარებს. ამჟამად მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. გამოცდებში მონაწილეობისთვის აუცილებელი არაა ენის სასწავლო კურსის გავლა და ბინადრობის უფლების ქონა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 24 მარტია, ღირებულება – 65 ევრო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: http://www.greek-language.gr/certification/application/index.html

ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ, რომელიც ათენში ცხოვრობს, იცის, რომ ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს ბერძნული ენის შემსწავლელი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი საშუალებას იძლევა, აირჩიოთ ერთ-ერთი პროგრამა, ისწავლოთ, ჩააბაროთ გამოცდა და მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, თუმცა არსებობს პრობლება: საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებნი იქ სწავლას ვერ შეძლებენ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: http://www.greekcourses.uoa.gr/

ყველაზე რთული მესამე ეტაპია. აქ რამდენიმე ვარიანტია:

1. თუკი საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობთ და ბერძნულ ენას  ფლობთ, მაშინ აგროვებთ საბუთებს, მაისში აბარებთ ენის გამოცდას, ივლისში აკეთებთ განაცხადს და სექტემბერში ჩაეწერებით იმ უნივერსიტეტში, რომელშიც ჩაირიცხეთ. თუკი ენის გამოცდის ჩაბარებას ვერ მოასწრებთ, მაშინ თქვენი სტუდენტური ცხოვრება ერთი წლით გადაიდება. ამ ხნის განმავლობაში უნდა მოემზადოთ, სერტიფიკატი აიღოთ და მომდევნო წლის სექტემბრიდან შეუდგეთ სწავლას იმ უნივერსიტეტში, რომელშიც ჩაირიცხეთ.

2. თუ საბერძნეთში არ ცხოვრობთ და უვიზო რეჟიმით სარგებლობთ, პროცედურა თითქმის იგივეა. არსებობს ერთი განსხვავება: უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაწერის შემდეგ უნდა გაემგზავროთ საქართველოში, სადაც თბილისში მდებარე საბერძნეთის საკონსულოს უნდა მიმართოთ სპეციალური, В კატეგორიის ვიზის მისაღებად, რომლის საფუძველზეც საბერძნეთში ბინადრობის უფლებას მოიპოვებთ. როგორც წესი, ასეთი ვიზის აღება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ასპროცენტიანი გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

3. საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებთათვის საქმე შედარებით რთულადაა. საბუთების შეტანა განათლების სამინისტროში და მაისის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსებზე სწავლას ვერ შეძლებთ. ამას გარდა, ვიზის ასაღებად საქართველოში გამგზავრება მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში კი ქვეყნის დატოვებისას ჯარიმა უნდა გადაიხადოთ, რათა შემდგომში ვიზა აიღოთ. საკუთრივ ვიზის აღება დარღვევის მქონე პირისთვის შედარებით ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი.

გისურვებთ წარმატებებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები