ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ცის  ნამი – მზეზე ანუ „წითელთმიანი გოგონას“ ახდენილი ამერიკული ოცნება

მომხიბლავი ახალგაზრდა ქალი ფეისბუქის მომხმარებლებისთვის არა უბრალოდ აქტიურობითაა ცნობილი, არამედ საზოგადოებისთვის გაზიარებულ მის განცდებსა თუ აზრებში იშვიათ, შეუფერადებელ გულწრფელობას ამოიკითხავთ…

…ცის ნამივით უმანკო და უსუსური ახალშობილი გულალალმა გამზრდელმა მშობლებმა, კახელმა ცოლ-ქმარმა საკუთარ გულებში შვილისთვის განკუთვნილ, გამორჩეულად თბილ ადგილას ჩაისახლა და სახელადაც ცისნამი დაარქვა.

წლები გავიდა მას შემდეგ. გაიზარდა გოგონა მიზანდასახული, შეუპოვარი და წინააღმდეგობებთან მებრძოლი. ბედმა თუ სწავლა-განვითარების დაუოკებელმა სურვილმა თბილისიდან იტალიაში, ბოლოს კი ამერიკაში მოახვედრა.

იყო ამ გზებზე ბევრი აღმაფრენა და ბევრიც – ტკივილი; იყო პირველი ოცნების ასრულება, პირველი წარმატება, პირველი სიყვარული, პირველი იმედგაცრუება… ცხოვრება კი გრძელდებოდა…

ცისნამი საყვარლიშვილი საინტერესო ყოველდღიურობით ერთ-ერთი თვალში მოსახვედრი ქართველია ნიუ-იორკში, განსაკუთრებულად – ბოლოდროინდელი სიახლით: მეოცნებე „წითელთმიანმა გოგონამ“ ერთ დღესაც ზღაპარში გაიღვიძა, დილის ცის ნამივით აციმციმდა და, ცოტა არ იყოს, თვალისმომჭრელადაც კი გაიბრწყინა – გერმანელი დიდგვაროვანების დინასტიის წარმომადგენლის რჩეული და მეუღლე გახდა.

თუმცა, მოდით, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე თავად მას მოვუსმინოთ.

ცისნამი, საუბარი იქიდან დავიწყოთ, საიდანაც საკუთარი თავი არა უბრალოდ გახსოვთ, არამედ რაღაც, დღემდე გაუხუნარი განცდაც რომ წამოგყვათ თან…

ასეთი განცდა ხუთი წლისას მქონდა, როცა ჩემმა გამზრდელმა ლუბა ბებიამ მაშინდელ განათლების მინისტრთან შემიყვანა (იმ ადამიანის სახელი აღარ მახსოვს). მას თანხმობა უნდა მოეცა, რომ ჩემებს სკოლაში ხუთი წლისა შევეყვანე. ძალიან სხარტი გონება მქონდა, პირველი კლასის პროგრამა სულ ზეპირად ვიცოდი და მახსოვს, განათლების მინისტრს ხელების გაშლით ვუთხარი დიდი ლექსი აფხაზეთზე: „აფხაზეთს ვერვინ წაგვართმევს!“ მაშინ ახალი მომხდარი იყო აფხაზეთის ომი, მეც იმ ასაკში უკვე ვიცოდი ქვეყნის ტკივილის შესახებ.

აი, აქედან დამამახსოვრდა ჩემი თავი, მინისტრმა წითელკულულა თავზე ხელი როგორ გადამისვა და თანხმობის წერილიც გამოვიტანეთ.
მერე მახსოვს საკუთარი თავი, როგორც სწავლის მოყვარული, მშრომელი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე. სწორედ აქედან გამომყვა თავდაჯერებულობა, რომ შეუძლებელი არაფერია და ცისნამის ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვა, რასაც კი მოიწადინებს.

საკუთარ ცხოვრებას რა ეტაპებად დაყოფდით?

ჩემს ცხოვრებას დავყოფდი შემდეგ ეტაპებად: სკოლის პერიოდი, სტუდენტობა, გათხოვება, იტალიაში ცხოვრება და ბოლოს – ამერიკული ოცნება. ეს ეტაპები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველა დრო მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილების მომცემი იყო.
სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი – მართალია, ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, მაგრამ ტექნიკურ საგნებსაც თავს ვაკლავდი, მაღალი ნიშნები რომ მქონოდა. ძალიან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა: ვცეკვავდი, პიანინოზე ვუკრავდი, კარატეს წრეზე დავდიოდი. მოკლედ, რაც კი აქტივობები ხდებოდა, ყველგან ვიყავი და ვჩანდი. თან შესახედაობით გამორჩეული ბავშვი ვიყავი – მაღალი, წითელი კულულებით. ისტორიის გაკვეთილზე სულ მე ვლაპარაკობდი და ვყვებოდი გაკვეთილს. მასწავლებელიც ვყოფილვარ და კლასელებისთვის გაკვეთილიც კი ამიხსნია.

გამორჩეულ, ყურადღების ცენტრში მყოფ მოზარდს ზოგჯერ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები უჩნდება. თანატოლებთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ?

ხშირად მქონდა კამათი რამდენიმე გოგოსთან, რომლებმაც თავიანთი მშობლებისგან იცოდნენ, რომ მე „ნაშვილები“ ვიყავი და ცდილობდნენ ჩემს დაკნინებას, მაგრამ ნურას უკაცრავად, თავს არავის ვაჩაგვრინებდი: „მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა“ – ხომ იცით (იცინის). თუმცა, ამ ფაქტმა მაინც რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე, ნდობა დავკარგე და ამიტომაც დღესაც უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავს, ვიდრე გოგო.

აი, სტუდენტობა სულ სხვანაირი მქონდა. სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, მყავდა უკარგესი სამეგობრო წრე, იყო საოცრად აქტიური და ნაყოფიერი წლები, კარგად სწავლა, სტუდენტური ორგანიზაციები, თვითმმართველობა…

ამის შემდეგ, რადგან ძალიან დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით, სწავლა გავაგრძელე იტალიაში, ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სპეციალობით. ძალიან საინტერესო მეთოდით ვსწავლობდით: თეორიის პარალელურად, სტუდენტები ვხვდებოდით ხოლმე ადგილობრივ ბიზნესმენებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ვსწავლობდით, თუ რა შეიძლება გააკეთონ პოლიტიკოსმა, სამოქალაქო სექტორმა და თვითონ ინდივიდებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, განავითარონ თავიანთი რეგიონი. მე ძალიან მიყვარს ჩემი მხარე, გურჯაანი და, ზოგადად, კახეთი, ამიტომ სერიოზულად ვიყავი დაინტერესებული, კარგად მესწავლა და იქ მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩემს რეგიონში გამომეყენებინა.

ამ ქვეყანაში სწავლის პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების „ბრინჯაოს ხანა“.

დიდი იმედი მაქვს, წინ „ოქროს ხანაც“ გელით…

მე ყველაფერი მოვასწარი, ეს ხანაც მქონდა უკვე (იცინის). „ოქროს ხანა“ ამერიკაში დადგა: სწავლა, მუშაობა, სიყვარულის პოვნა… მართლა ოცნებების ახდენის ქვეყანაა. ამერიკაში იტალიის მთავრობის დაფინანსებით მოვხვდი, აქ უნდა გამევლო სწავლის ბოლო საფეხური, დოქტორანტურა. ვმუშაობდი თემაზე „საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება საბჭოთა კავშირის შემდეგ“, რომელიც ძალიან საინტერესო იყო როგორც იტალიელებისთვის, ისე ამერიკელებისთვის. სამაგისტრო ნაშრომი დავამთავრე, მაგრამ კვლევა უნდა გამეგრძელებინა და სწორედ ამ დროს, სამწუხაროდ, უკვე გავიდა ის ექვსი თვე და ახლა თავად უნდა მომეძია ფინანსები. რადგან ამერიკაში სწავლა ძალიან ძვირია, გადახდა ვერ შევძელი, ვერც დაფინანსება მოვიპოვე – კერძო უნივერსიტეტში ეს ასე ადვილი არ არის. ასე რომ, იძულებული გავხდი, სწავლა შემეწყვიტა და სხვა ემიგრანტების მსგავსად, მეც მუშაობა დამეწყო.

ამასობაში დრო გავიდა, ბევრი ვიმუშავე, მატერიალურად გავიმართე და გამიჩნდა ახალი გატაცება – ჟურნალისტიკა. საერთოდ, წერა მეხერხება და დავიწყე თანამშრომლობა ადგილობრივ მედიასთან, სხვადასხვა გამოცემასთან, ასევე gogaTV-სთან, რომელიც აქ ძალიან პოპულარულია. რადგან ასე ჩამითრია ამ პროფესიამ, ნიუ- იორკში გავიარე კოლუმბიის უნივერსიტეტის მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსი, შევისწავლე ყველაფერი, რაც პროფესიონალ ჟურნალისტს ესაჭიროება, ავიღე სერტიფიკატი და კიდეც უფრო აქტიურად ჩავერთე ამ საქმიანობაში: დავდივარ ღონისძიებებზე, ვაშუქებ ახალ ამბებს, ვესაუბრები საინტერესო ადამიანებს… ასევე, კვირაში ერთხელ მიმყავს პროგრამა იტალიურ რადიოში, იქაურ ჟურნალისტთან ერთად.

ახლა, ამ ბოლო დროს, უფრო სერიოზულ საქმეს ვარ შეჭიდებული, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გავალ, ჯერ არ მინდა დეტალებზე საუბარი.

კარგი, ეს საკითხი სამომავლოდ გადავდოთ… მოდით, „წითელთმიანი გოგონა“ გავიხსენოთ: რაზე ოცნებობდა იგი, რა განცდებით იზრდებოდა… დღეს მასთან რამდენად „ვალმოხდილი“ ხართ?

ეს „წითელთმიანი გოგონა“ ოცნებებით სულდგმულობდა და ძალიან ემოციური იყო… თინეიჯერობის ასაკში მქონდა „ოცნებების რვეული“, რომელშიც მეწერა, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში! შემდეგი ოცნება იყო იტალიაში წასვლა, იმიტომ რომ ვგიჟდებოდი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაზე“ და იტალიელ ფეხბურთელზე, ალესანდრო დელ პიეროზე. მერე, ჩემი ბავშვობის დიიიდი ოცნება იყო ამერიკა. აი ეს ყველაფერი მინდოდა ძალიან. გათხოვებაზე და შვილებზე საერთოდ არ მიოცნებია, დიდი და საზოგადოებრივი საქმეები მიტაცებდა.

მოგვიანებით ოცნებად მქონდა, გავმხდარიყავი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი და ჩემს ხალხს დავხმარებოდი.

მაგრამ იზრდები, ცხოვრება და ოცნებები იცვლება, შეხედულებები გეცვლება, ხომ ხვდებით?! ახლა, ამ ეტაპზე იმდენად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი ცხოვრებით, უკვე აღარაფერი მინდა მეტი; ძალიან კარგ წრეში ვტრიალებ, სასიამოვნო და ცნობილ ადამიანებს ვხვდები… გარემო, ხალხი, სოციუმი იმდენად მავსებს და მაკმაყოფილებს, იმდენად მაფერადებს და მაბედნიერებს, რომ სულ არ მინდა, ჩავიდე საქართველოში, გავხდე პოლიტიკოსი და დაიწყოს ჩემი ლანძღვა-გინება. საქართველოს აკლია პოზიტივი, რისთვის გავიმეტო თავი?! აქ ჟურნალისტიკაში ნელ-ნელა ვიმკვიდრებ თავს, წამყვან არხებზე მაქვს ორიენტაცია და ნელ-ნელა მივიწევ წინ…

მოგვიყევით მშობლებზე, ადამიანებზე, რომლებისთვისაც ალბათ თვალისჩინი იყავით…

კახეთში უსინათლო მუსიკოსი, ვანო საყვარლიშვილი რომ იკითხოთ, ყველა სიყვარულით მოგიყვებათ მასზე. მამა ვაჩნაძიანის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო; უსინათლო დაიბადა და ხმით სცნობდა ყველას. მე რომ წამოვიზარდე, მისი „თვალები“ მე ვიყავი, ყველგან დამყავდა. მუსიკით ცხოვრობდა მამა, მღეროდა ანსამბლ „ბერმუხაში“ და სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებული, ლაურეატი იყო. უყვარდა ხარისხიანი მუსიკა და კარგი ადამიანები. ანსამბლ „ივერიას“ და „სუხიშვილების“ წევრები მისი მეგობრები იყვნენ. ჩვენთან სოფელში ჩამოჰყავდა ხოლმე ისინი და კონცერტებს ატარებინებდა, შემდეგ კი ჩვენს დიდ სახლში, დიდი სუფრა იშლებოდა და ყველა ილხენდა.

მამა სულ ხელოვან ხალხში ტრიალებდა. წითელი თმების გამო მე მისი მეგობრები „წითელ გოგონას“ მეძახდნენ. მამას ბაღაშვილები ფილარმონიის ყველა კონცერტის ბილეთებს ჩუქნიდნენ ხოლმე და ჩვენ, მთელი ოჯახი, წინა რიგებში ვისხედით, მამა კი ზოგჯერ კულისებიდან უსმენდა მათ.

მამა აღარაა ცოცხალი. მე კიდევ ბევრს ვიტყოდი მასზე, დაუსრულებლად ვისაუბრებდი, მაგრამ მკითხველს დავინდობ…

დედა, დარეჯან ღვინიაშვილიც მუსიკოსია და არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის. მამასგან განსხვავებით იგი სათვალით ხედავს. ორი კვირის ბავშვი ამ ორმა ღვთისნიერმა ადამიანმა მიშვილა და პატიოსნად გამზარდა. ორი წლის შემდეგ მათ თავიანთი ღვიძლი შვილი – ოთარი შეეძინათ, რომელზეც ვგიჟდები. ძალიან მიყვარს ჩემი სუფთა, წკრიალა, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ოჯახი; ჩვენ მთელ კახეთს ვუყვარვართ.

იმ პატარა ოჯახზეც ვისაუბროთ, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში შექმენით და შვილიც გყავთ…

ეს იყო დიდი შეცდომა, რადგან 19 წლის ვიყავი, თავად ჯერ კიდევ ბავშვი და რა მეჩქარებოდა?! დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მე და ჩემს ყოფილს ერთმანეთი გვინდოდა და ოჯახი ამიტომ შევქმენით – იმ პერიოდში სექსი ქორწინების გარეშე შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ არ დავოჯახდებოდით.

ამიტომაც არ გამოდგა ეს გადაწყვეტილება მყარი: იყო განქორწინება, ბევრი ცრემლი, დარდი… მერე გავემგზავრე და, იტალიამ ყველა ტკივილი დამავიწყა… ხშირად მიფიქრია, იყო კი სიყვარული?! ბოლოს მივხვდი რომ კი, იყო: მიყვარდა, ვუყვარდი, იყო ლამაზი პერიოდი და შემდეგ დამთავრდა.

იმ ურთიერთობიდან ერთადერთი, რაც მაბედნიერებს, ეს არის ჩემი 11 წლის შვილი, ირაკლი. რადგან იგი გვარად შიოლაშვილია, სახელიც ილია მეორის საპატივსაცემოდ დავარქვით – ჩვენი პატრიარქის საერო სახელიც ხომ ირაკლია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბიჭია, კარგადაც სწავლობს და ყველა საგანში ათიანი ჰყავს. გიჟდება კალათბურთზე და ერთი სული აქვს, ამერიკაში როდის ჩამოვა და ითამაშებს. ძალიან მენატრება ჩემი მზე-ბიჭი, ყველანაირად ვცდილობთ, დავაჩქაროთ მისი აქ გადმოყვანის პროცესი, მაგრამ ამერიკის საიმიგრაციო სამსახურზეა დამოკიდებული, როდის მისცემენ ნებართვას.

მოდით, სიყვარულს მივუბრუნდეთ. პირველი იმედგაცრუების შემდეგ  წლები გავიდა და ახლახან  ახალი გრძნობა გეწვიათ…

ოჯახის დანგრევის შემდეგ ერთხანს ვფიქრობდი, რომ სიყვარული არ არსებობდა, რადგან როცა ადამიანი გიყვარს, იმას ორი თვის ბავშვით ღვთის ანაბარად ვერ მიატოვებ. იმდენად ვიყავი გულნატკენი, რომ ერთხანს ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული და მეგონა, რომ გამორჩეული და ლამაზი პერიოდი ჩემი ცხოვრებისა იყო და დამთავრდა. მაგრამ ახლა ხელმეორედ მესტუმრა ეს გრძნობა და, რომ იტყვიან, ყურებამდე ვარ შეყვარებული ჩემს „მზეჭაბუკზე“; ან როგორ არ უნდა მიყვარდეს, როცა ყველაფერს მაძლევს, რაც მაკლდა, ყველა სიცარიელე ამომივსო გულში და ბედნიერებით გამავსო… აი, რაღაცნაირი ტიპია, არ არსებობს, იცნობდე და არ გიყვარდეს.

როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

ერთი წელია, რაც ერთად ვართ, ხოლო რამდენიმე თვის წინ მისი გადაწყვეტილებით დავქორწინდით. როგორ გავიცანი და, მის კომპანიაში დავიწყე მუშაობა. აღმოჩნდა, რომ პირველი შეხვედრიდანვე, გასაუბრებაზე მისული მოვწონებივარ. როცა გრძნობებში გამომიტყდა და ჩვენი ურთიერთობა ულამაზეს ფაზაში შევიდა, უკვე ერთ ოფისში მუშაობა მიზანშეწონილი არ იყო და სამსახური შევიცვალე. შემდეგ კი, რამდენიმე თვეში, მისი სახლების დიასახლისი გავხდი.

ის ნამდვილად ჰგავს ზღაპრულ მზეჭაბუკს – თავისი სიმაღლით, ფართო მხრებით, ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით, თუმცა არ უყვარს, მასზე რომ ვლაპარაკობ. თვითონაც ჟურნალიტია, ხშირად წერს სტატიებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე და კარიერულ წინსვლაში მეც ძალიან მეხმარება. მოკლედ, იდეალური მამაკაცია; დილით ადრე დგება, საუზმეს თავად იმზადებს, ჩაის აყენებს, გამზადებულ საუზმეს მიტოვებს და მიდის ოფისში. „ლანჩ ბრეიქზე“ (შესვენებაზე) რომ მოდის, მე თუ მანამდე ვერ მოვასწარი რამის გაკეთება, თავად მოამზადებს, მივუსხდებით მაგიდას და მივირთმევთ. საღამოს თუ სახლში ვახშმობა არ გვინდა, გარეთ გავდივართ. საუკეთესო ორგანიზატორია და უზომოდ მოწესრიგებული. თავის ტანსაცმელსაც თვითონვე უვლის და ყველაფერი ეხერხება. თავიდან სწორედ მისმა მოწესრიგებულობამ და სისუფთავემ მიიქცია ჩემი ყურადღება, მერე ოკეანის ნაპირზე საკუთარ ცხენზე ამხედრებული რომ ვნახე, თვალი რომ შევავლე მის გაშლილ მხრებს და მოხდენილობას, აი მაშინ მივხვდი, მზეჭაბუკს რომ ჰგავდა. საინტერესო და ძლიერი მამაკაცია, ასეთს იშვიათად ნახავთ.

გამოვიდა ისე, რომ ორი ძლიერი, მშრომელი ადამიანი ერთად ვართ და მივაპობთ ცხოვრებას.

გარკვეულ დეტალებს თქვენი ცხოვრებიდან მკაცრად ასაიდუმლოებთ: არ ამხელთ მეუღლის ვინაობას, არ საუბროთ მის ძირითად საქმიანობაზე, ტიტულზე… რამდენადაც ვიცი, ამერიკის ისტორიაში მისი ოჯახის ღვაწლი ცალკე თემაა, რადგან ნიუ-იორკში ცნობილ ოჯახს ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონია შეტანილი. რატომ არ გინდათ, მათ ქართული საზოგადოებაც იცნობდეს?

იგი ყოველთვის მიკრძალავს მასზე და მის ოჯახზე საუბარს. მეც თავს ვიკავებ, არ მინდა იფიქროს, რომ სახელის, ფულისა და დიდების გამო გავხდი მისი მეუღლე. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა, ჩემი წარმატების შესახებ და იმ ყველაფერზე, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში ხდება, ღიად ვისაუბრო და არაკეთილმოსურნეები გავაღიზიანო.

ასეც ხდება, ხომ?

ხდება, თუმცა დღემდე ვერ ამომიხსნია, რატომ ვარ მათთვის ასეთი საინტერესო; მე ერთი ჩვეულებრივი კახელი ცისნამი ვარ, რომელიც ძალიან კეთილმა ადამიანებმა გაზარდეს… მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არავისი არაფერი მშურს და ყველას კარგი მიხარია; მათაც კარგს ვუსურვებ – თუ ბედნიერი და კმაყოფილია ადამიანი, ის სხვისი ცხოვრებით არ ინტერესდება.

 ქართული საზოგადოების ასეთ ნაწილს, რომელიც სხვის წარმატებას და კარგს ვერ იტანს,  ვურჩევდი, მეტი სიყვარული ჰქონდეთ და ნაკლები მტრობა! როცა რაიმე საქმით ხარ დაკავებული, ბედნიერი ხარ, ამიტომ სამყაროში ამდენი უარყოფითი ენერგიის გაგზავნას, უჯობთ, რაიმე აკეთონ. საქართველო ვერასოდეს განვითარდება და სულ ერთ ადგილს დატკეპნის, თუკი ქართველები ერთმანეთის სიყვარულს არ ვისწავლით.

მოდით, ჩვენი საუბარი ასეთ პოზიტიურ  ნოტაზე დავამთავროთ: „შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!“ –  რომელი წამია ეს თქვენთვის, იქნებ წუთი, ან სულაც – საათი ან მეტიც…

 ბევრჯერ მქონია ასეთი მომენტები: როცა იტალიაში მაგისტრატურა დავამთავრე, როცა ამერიკის სასწავლო ვიზა ავიღე, როცა ABC-ის ცნობილ ჟურნალისტებს შევხვდი, როცა ჩემს „მზეჭაბუკს“ გულში ვეხუტები…

მე მჯერა, რომ კიდევ მექნება ბევრი ასეთი ნეტარი წამი. მადლობა უფალს ყველა სიკეთისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ხდება და მოხდება…

ესაუბრა ლუიზა ლაწუნაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close