გრიპის ეპიდემია საბერძნეთში: გარდაცვლილია 74 ადამიანი

ინფექციური დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის, ΚΕΕΛΠΝΟ-ს ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 74-ს მიაღწია. ამასთან, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპმა 18 ადამიანი იმსხვერპლა.

გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 20 თებერვალს კრეტაზე დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, კლინიკა ΜΕΘ (ΠΑΓΝΗ)-ში გადაყვანილი 55 წლის ქალი გრიპით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

გრიპის შედეგად გარდაცვლილ პაციენტთა უმრავლესობა მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, მათ შორის არიან ბავშვებიც.

როგორც ΚΕΕΛΠΝΟ იტყობინება, 2019 წლის 11-იდან 17 თებერვლამდე პერიოდში, გრიპზე ეჭვის მიტანის მიზეზით ექიმების გამოძახებისა და მათდამი მიმართვიანობის რაოდენობა, ისევე როგორც გასულ კვირაში, მაღალი რჩებოდა.

საერთო ჯამში, ლაბორატორიაში ვირუსების ჯგუფის გამოვლენისთვის გამოსაკვლევად შევიდა 398 კლინიკური ნიმუში.

145 (36,4%) შემთხვევაში გამოვლინდა დადებითი რეაქცია A ტიპის გრიპის ვირუსზე.

11-17 თებერვლის პერიოდში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის 274 შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან 264 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. აღსანიშნავია, რომ მათგან 36 (14%) აცრილი იყო და მაინც შეხვდა გრიპი (როგორც ცნობილია, აცრა საშუალოდ 9-იდან 6 შემთხვევაში ამართლებს).

მიმდინარე სეზონზე დარეგისტრირდა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპით გამოწვეული გარდაცვალების 74 შემთხვევა. მათგან 64 ΜΕΘ-ში მკურნალობდა, 10 კი საავადმყოფოში არ მოუთავსებიათ. ვირუსებს შორის უმეტესად შტამი  A(H1N1)pdm09-ის ქვეტიპი ჭარბობს.

ΚΕΕΛΠΝΟ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გრიპის საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობას და მას მოცემული ვირუსული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკად მიიჩნევს. სპეციალისტები, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის წესების განუხრელი დაცვა, როგორიც არის ხელების ხშირი დაბანა, აგრეთვე, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება, გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელებას ხელს უშლის.

საბერძნეთში მიმდინარე ცივ სეზონზე გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რომელიც გრიპის გართულებებმა გამოიწვია, ოფიციალურად გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა – 49 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი А ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებები გახდა.

მაშინ სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსის გავრცელება კულმინაციას იანვრის ბოლოსა და თებერვალში მიაღწევდა და მარტის შუა რიცხვებიდან  დაიკლებდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები