ეკონომიკაიტალიამიგრაცია

არალეგალი იმიგრანტის დასაქმებისთვის იტალიაში ჯარიმა 1400 ევრო გახდა

ჯარიმის მინიმალური თანხა დამსაქმებლისთვის, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე არალეგალის სტატუსით მყოფ იმიგრანტს სამუშაოზე აიყვანს, 30 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის გაანგარიშებით, 1398 ევრო იქნება, – ამის თაობაზე გამოცემა LA STAMPA წერს.

შესაბამის ბრძანებულებას ოთხი მინისტრი აწერს ხელს – შს მინისტრი მატეო სალვინი, იუსტიციის მინისტრი ალფონსო ბონაფედე, ფინანსთა მინისტრი ჯოვანი დე ტრია და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ლუიჯი დი მაიო. ბრძანებულება ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა და ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის 2 მარტიდან შევა ძალაში.

აღნიშნული დეკრეტით არალეგალის დასაქმებისთვის ჯარიმა 30%-ით გაიზარდა, ერთი არალეგალური იმიგრანტის რეპატრიაციის (ქვეყნიდან გასახლების) საშუალო ხარჯის შესაბამისად.

ჯარიმის 60% სახელმწიფო ბიუჯეტში შევა, საიდანაც შემდეგ რეპატრიაციის ფონდში გადაირცხება, 40% კი – დასაქმებისა და სწავლების ფონდში ჩაირიცხება იმიგრანტების სწავლისა და სოციალური ინტეგრაციის ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

არალეგალების დასაქმებისთვის ჯარიმა, ევროკავშირის 2009 წლის რეგულაციის შესაბამისად, რეპატრიაციის ხარჯის მიხედვით გამოითვლება. რეპატრიაციის საშუალო ღირებულება იტალიაში ყოველი წლის 30 იანვარს განახლდება და შესაბამისად განისაზღვრება ჯარიმაც არალეგალური იმიგრანტის დასაქმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად 2018 წელს მიგრანტების რიცხვი, რომლებიც იტალიაში ლიბიიდან, ალჟირიდან და ტუნისიდან ჩავიდნენ, 2017 წელთან შედარებით 80%-ით შემცირდა – ეს ინფორმაცია 20 თებერვალს Sky Tg 24-მა გაავრცელა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო სამსახურის –   Frontex-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

იმავე წყაროს ინფორმაციით, იტალიაში ჩასულ იმიგრანტთა საერთო რაოდენობა 2018 წელს 23 ათასზე ოდნავ მეტი იყო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია 2012 წლის შემდეგ. 2017 წელს იტალიაში თითქმის 119 ათასი იმიგრანტი ჩავიდა.

სამაგიეროდ ამავე პერიოდში იმიგრანტების ნაკადი ესპანეთში 2-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 57 ათასს მიაღწია.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: lastampa.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close