საზოგადოებასაბერძნეთი

ათინა ონასისი, ონასისების „ოქროს“ მემკვიდრე, 12 წლის შემდეგ საბერძნეთში ჩასვლას აპირებს

ონასისების გვარის „ოქროს“ მემკვიდრე, 34 წლის ათინა ონასისი წყნარი, უხმაურო ცხოვრებით ცხოვრობს ნიდერლანდების პატარა დასახლებაში. მას შემდეგ, რაც თვითრწმენა დაიბრუნა და განწყობა აშკარად გაუუმჯობესდა, ათინა არ გამორიცხავს, რომ საბერძნეთს ესტუმროს, თუმცა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პირობებით.

ამჟამად მას ნიდერლანდებში, პატარა დასახლება ფალკენშტაინში დიდებული ცხენსაშენი ფერმა აქვს, სადაც ცხენებს ზრდის და ამზადებს შეჯიბრებებისთვის.

პირდაპირ ფერმის ტერიტორიაზე აგებული მისი სახლი ღარიბული სულაც არ არის, თუმცა ის მაინც არ მოგვაგონებს ონასისის მდიდრულ ვილებს (შთამბეჭდავ რეზიდენციებს ბრაზილიასა და ბელგიაში), სადაც იგი ადრე ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, ბრაზილიელ ცხენოსან ალვარო აფონსო დე მირანდა ნეტოსთან ერთად. ალვაროს და ათინას ოფიციალური განქორწინების პროცესი 2016 წელს დაიწყო და 2018-ში დასრულდა.

განქორწინების შემდეგ ათინამ ვილები გაყიდა და ახლა სურს, რომ უბრალოდ და მშვიდად იცხოვროს. მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უჭირავს ცხენოსნობას, თუმცა ათინა ცდილობს მოერიდოს პაპარაცებს და მისი ცხოვრებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

როგორც საერთაშორისო პრესა წერს, ონასისების „ოქროს“ მემკვიდრეს ისევ სტანჯავს ფობია, რომლის დაძლევა თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვერ მოახერხა. ახალგაზრდა ქალი ძველებურად შიშობს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიტაცების ან თავდასხმის ობიექტი გახდეს.

ამას გარდა, მას ძალიან არ უყვარს პაპარაცები – ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომლის გამოც ათინას არ უნდა, რომ საბერძნეთში ხმაურით ჩავიდეს და დიდი ამბით გაშუქდეს მისი ვიზიტი წინაპრების სამშობლოში.

იმ იშვიათ ინტერვიუებში, რომლებიც კი ათინას მიუცია, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მან არ იცის ბერძნული ენა და, საერთოდ, მისთვის მტკივნეულია სამშობლოში ჩასვლა.

თუმცა, 12 წლის წინ ალვაროსთან ერთად იგი მაინც იყო საბერძნეთში, სადაც დოღში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მისი წარმომადგენლები ტურნირზე გამარჯვებისთვის საბერძნეთის ნაციონალური გერბის ქვეშ იბრძოდნენ.

ახლა, სავარაუდოდ, იმავე მოტივით ჩავა ათინა საბერძნეთში ივლისში, რადგანაც ონასისების „ოქროს“ მემკვიდრე ლონგინების თასის საერთაშორისო შეჯიბრებაზეა მიწვეული (Longines Jumping Nations Cups), რომელიც მარკოპულოში (ათენი) გაიმართება.

როგორც გამოცემა Λοιπόν იუწყება, საბერძნეთში მისი ვიზიტის ორგანიზატორებმა მკაცრად განსაზღვრული პირობების შესრულება მოითხოვეს: კერძოდ, ქალბატონ ონასისს სურს დაბინავდეს მდიდრულ რეზიდენციაში მესოგიოში, რომელიც ბორცვზეა და მთლიანად არის იზოლირებული სხვა შენობებისგან. აგრეთვე, იგი აპირებს ბრონირებული ავტომობილით გადაადგილდეს მუდმივი დაცვის თანხლებით; ამას გარდა, ათინა დაბეჯითებით მოითხოვს, არ გაშუქდეს ბერძნულ პრესაში მისი „პირადი ცხოვრების მომენტები“, არამედ მარტო ინფორმაცია დოღიდან. თუმცა ათინა ონასისს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, რომ მონაწილეობას  მიიღებს მარკოპულოს ცხენთა შეჯიბრებაში.

ათინა ონასისის ვიზიტი საბერძნეთში მაინც საეჭვოა და ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ორი ინფორმაცია: იგი არ აპირებს არც ონასისის ფონდში მისვლას (რომლის ხელმძღვანელობაც შესთავაზეს) და არც კუნძულ სკორპიოსზე წასვლას, სადაც მისი დედის – კრისტინას, ბიძის – ალექსანდროსის და, რა თქმა უნდა, მისი ცნობილი პაპის, არისტოტელ ონასისის საფლავები მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ათინა ონასისი (Athina Hélène Onassis; Greek: Αθηνά Ωνάση; დაბადებით Athina Hélène Roussel; Greek: Αθηνά Ρουσσέλ), ბერძენი მაგნატის, მილიარდერ არისტოტელ ონასისის ერთადერთი ცოცხალი მემკვიდრეა, მისი ქალიშვილის, ქრისტინას (ბერძ. Χριστίνα Ωνάση) ერთადერთი შვილი. ათინა ნახევრად ფრანგია – მამამისი, ტიერი რუსელი ქრისტინა ონასისის მეოთხე ქმარი იყო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close