ისრაელში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი თითქმის 3,5-ჯერ შემცირდა

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. ეს მონაცემები ისრაელის გამოცემა „ჰაარეცში“ (HAARETZ) გამოქვეყნებულ სტატიაშია მოყვანილი.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, 2017 წელს ისრაელის სახელმწიფოში თავშესაფარი საქართველოს 1351-მა მოქალაქემ მოითხოვა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 399 იყო. ამ ფაქტს ისრაელში 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ, როდესაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს. შედეგად, გამარტივდა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა და უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.

იმავე სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ისრაელში არ შეუშვეს რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბელარუსის 17 ათასი მოქალაქე.

ქვეყანაში შესვლაზე „უარის თქმის ძირითადი მიზეზია იმიგრაციის სამსახურის ვარაუდი, რომ ისინი არ დატოვებდნენ ქვეყანას კანონით დადგენილი, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უკავშირდებოდა უარი უსაფრთხოებას ან კრიმინალს“, – წერია სტატიაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მონაცემებით, ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ. უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარში ისრაელში საქართველოს 1320 მოქალაქე გაემგზავრა, მათგან 141 საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები