„მშობელი 1“ და „მშობელი 2“ „დედის“ და „მამის“ ნაცვლად? – საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ცვლილებას განათლების კანონში

AFP-ის ფოტო
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ტერმინების – „დედა“ და „მამა“ შეცვლას ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

აღნიშნული ცვლილება განათლების ახალი კანონპროექტის შესწორებების ნაწილია, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით ერთსქესიანი მშობლების დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის La République en Marche! („წინ, რესპუბლიკა!“) წევრი, პარლამენტის დეპუტატი ვალერი პეტი.

კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა განიხილოს და შესაძლებელია დაბლოკოს, რის შემდეგაც ის საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“ შეცვლის „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის თანხმად ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ. პეტის განმარტებით, სწორედ ამ კანონებს ეყრდნობოდა იგი კანონპროექტის შემუშავებისას.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: www.lefigaro.fr

კომენტარები