ტურინში საბავშვო ბაღის აღმზრდელები დააკავეს, რომლებსაც 3 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალურად გაჰყავდათ სიცივეში, რომ ავად გამხდარიყვნენ

ტურინის ერთ-ერთი კერძო ბაღის ორი აღმზრდელი ქალი დააკავეს, რომლებიც 3 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს სპეციალურად უქმნიდნენ ისეთ პირობებს, რომ ავად გამხდარიყვნენ და ბაღში აღარ ევლოთ.

ტურინის ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი ჰქონდა, აღსაზრდელების რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წელს ძალიან გაიზარდა და აღმზრდელებს, როგორც ჩანს, გაუჭირდათ სამუშაოსთან გამკლავება. მათაც პრობლემის გადაწყვეტის „მარტივი“ მეთოდი მოიფიქრეს: ბავშვები თბილი ზედა სამოსის გარეშე გაჰყავდათ სიცივეში, რის გამოც პატარები ხშირად ავადმყოფობდნენ და ბაღში აღარ დადიოდნენ.

62 და 38 წლის დედა-შვილი (იტალიელები) დაკავებულია. ისინი ამჟამად ციხეში იმყოფებიან და ბრალად ედებათ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა არაერთჯერადად, დამამძიმებელი გარემოებებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ცუდად ისინი იმ ბავშვებს ექცეოდნენ, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ ლაპარაკი.

პოლიციამ გამოძიება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო აღნიშნული საბავშვო ბაღის თანამშრომლებისგან შეტყობინების მიღების შემდეგ; გამოძიებას კოორდინაციას უწევდა პიემონტის დედაქალაქის პროკურატურა. როგორც გაირკვა, მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ნორმაზე გაცილებით მეტი ბავშვი მიიღეს, რომელთა ასაკი 3 თვიდან 3 წლამდეა.
სხვადასხვა მოსასმენი აპარატურისა თუ ფარული ჩანაწერების მეშვეობით მიღებული სურათი დაუჯერებელი აღმოჩნდა: აღმზრდელი ქალები (თუკი მათ კიდევ შეიძლება ასე ეწოდოთ) ყველაზე პატარებს ხშირად „ამწესებდნენ“ ცივ სხვენში ან ოთახში, სადაც განზრახ წინასწარ თიშავდნენ გათბობას. შედარებით მოზრდილებს სათანადოდ არ კვებავდნენ და ატირებულებს, დასჯის მიზნით, ბნელ ოთახებში კეტავდნენ; ბავშვებს არ აძინებდნენ და სიცივეში სასეირნოდ თბილი ზედა სამოსის გარეშე გამოჰყავდათ, რათა ხშირად ეავადმყოფათ.

საშინელი სიტუაცია, რომელიც ტურინის საბავშვო ბაღში სუფევდა, ცუდი მოპყრობის პირველი შემთხვევა არ არის ბოლო პერიოდში: წლის დასაწყისში 3 აღმზრდელი დააკავეს ბავშვებისადმი ცუდი მოპყრობის ბრალდებით რომის პროვინციაში, კიდევ ორი კი დროებით გაათავისფლეს სამსახურიდან კასინოს სამშობიარო სახლში; ორი მასწავლებელი, აგრეთვე, გაათავისუფლეს ვენაფროში (იზერნია), ორიოდე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია კოლორნოში (პარმა) „ბელონის“ ბავშვთა სახლის ორი აღმზრდელის გასამართლების შესახებ, რომლებსაც 3-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების შეურაცხყოფასა და ცემაში დასდეს ბრალი.

წყარო: https://www.today.it/citta/maltrattamenti-asilo-torino.html

კომენტარები