ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატმა (2015 წ.) უიდედ ბუშამაუიმ საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრები, ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი ოფიციალურად დაასახელა 2019 წლის მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად.

ბუშამაუიმ თავისი წინადადების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ პრესპის შეთანხმება, რომელსაც ათენმა და სკოპიემ 2018 წლის ივნისში მოაწერეს ხელი, წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გადაწყვეტის მშვიდობიან და კონსტრუქციულ მოდელს  და შესაძლებელია კარგ მაგალითად გამოდგეს სხვა დაპირისპირებების მშვიდობიანად გადასაწყვეტად როგორც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ისე მთელ მსოფლიოში.

ალექსის ციპრასი მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრესპის შეთანხმება ხელს შეუწყობს მშვიდობას, სოლიდარობას და მეგობრობას ორ ხალხს შორის და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.

შეგახსენებთ, რომ ათენსა და სკოპიეს შორის პრესპის შეთანხმების ხელმოწერით და რატიფიცირებით გადაწყდა მათი დიდი ხნის დავა: ყოფილი იუგოსლავიის პატარა რესპუბლიკას ოფიციალურად ეწოდა „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ და გზა გაეხსნა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები