fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

100 ათასზე მეტმა ბერძენმა გააპროტესტა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკისთვის „ჩრდილოეთ მაკედონიის“ დარქმევა

დღეს ათენში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა „მაკედონიის საკითხთან“ დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყება ადგილობრივი დროით დღის 2 საათისთვის იყო დაგეგმილი, უკვე დილიდან გამოჩნდნენ პროტესტანტები დედაქალაქის ქუჩებში. მანქანების მოძრაობა დილის 6 საათიდან შეიზღუდა სინტაგმის გარშემო, ათენის ცენტრის საკმაოდ დიდ პერიმეტრზე.

მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ საბერძნეთის პარლამენტმა არ მოახდინოს ყოფილი იუგოსლავიის პატარა რესპუბლიკისთვის „ჩრდილოეთ მაკედონიის“ დარქმევის თაობაზე ათენისა და სკოპიეს შეთანხმების რატიფიცირება. ბერძნებს მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონია“ არ უნდა ფიგურირებდეს, რადგან მაკედონია საბერძნეთის რეგიონია და ასეთი გადაწყვეტილების შედეგად შესაძლოა საბერძნეთს მომავალში ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ.

მიტინგის დაწყებიდან რამდენიმე ხანში პოლიციამ ხელჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ექსტრემისტების რამდენიმე ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც შეეცადნენ პარლამენტის ეზოში შეეღწიათ და პოლიციელებს ქვებს, პეტარდებს და სხვა საგნებს ესროდნენ. შეტაკებებისას 10-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, უმეტესად, მიტინგი მშვიდობიანად წარიმართა და მასში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საინფორმაციო საშუალებები კი 150 ათას მომიტინგეზე საუბრობენ.

უსაფრთხოებას 1500-ზე მეტი პოლიციელი იცავდა. ათენის გარეუბნებში შეიმჩნეოდა ავტობუსების მობილიზება, რომლებითაც ნაციონალისტური და კონსერვატიული მოძრაობების მომხრეები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.

ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება ყოფილი იუგოსლავიის პატარა რესპუბლიკამ უკვე მოახდინა, საბერძნეთის პარლამენტი კი საკითხს მომავალ კვირაში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ „მაკედონიის საკითხთან“ დაკავშირებით მთავრობასთან უთანხმოების გამო რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი გადადგა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close