მსოფლიოპოლიტიკაიტალია

დაპირებული ძირითადი რეფორმების დაწყება გადაიდო – რას ასახელებენ იტალიის მთავრობაში ამის მიზეზად?

იტალიის მთავრობა დაპირებული ორი მთავარი რეფორმის განხორციელების დაწყებას არ ჩქარობს. ამის მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ რეფორმების რეალიზაციისთვის უკეთ მომზადების აუცილებლობა დაასახელა.

მანამდე იტალიის მთავრობამ ერთი კვირით გადაწია საპენსიო ასაკის შემცირების და მოქალაქეობის მინიმალური შემოსავლის გადახდის საკითხების განხილვა. დაანონსებული იყო, რომ ორივე რეფორმა აპრილიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ახალი შესწორებებით, რომლებსაც მთავრობა 2019 წლის ბიუჯეტში შეიტანს, მათი განხორციელების დაწყება შეიძლება დაგვიანდეს.

ექსპერტები, თავის მხრივ, ვარაუდობენ, რომ საკითხის განხილვის გადადება დაკავშირებულია, ერთი მხრივ, მთავრობის სურვილთან, ძვირადღირებული რეფორმები რაც შეიძლება გვიან დაიწყოს, რათა ბიუჯეტის პარამეტრებში ჩაეტიოს.

მეორე მხრივ, ექსპერტები ეჭვობენ, რომ მთავრობაში განხეთქილებაა და ორივე მმართველი პარტია ერთმანეთს პირობებს უყენებს პარტნიორის ინიციატივის განსახორციელებლად (როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმა მატეო სალვინის „ლიგის“, ხოლო მოქალაქეობის მინიმალური შემოსავალი – ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პროექტია).

იტალიის მთავრობა ბიუჯეტის შესავსებად სახსრებს ეძებს. ამ მიზნით შეიმუშავა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ მარიხუანას ლიბერალიზაციის კანონპროექტიც. დოკუმენტის ავტორთა თქმით, ქვეყანა მსუბუქი ნარკოტიკის არალეგალური ბრუნვის მოშლით 800 მლნ ევროს მოიზიდავს ბიუჯეტში, თუმცა სალვინი და მისი „ლიგა“ ამ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close