საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო

გრიპის შემთხვევები შემცირდა

ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირდა.

სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის თქმით, თუ გრიპის ვირუსის გავრცელების პიკურ დღეებს შევადარებთ, ავადობის შემთხვევები რეგიონებში დაახლოებით 600, თბილისში კი 500 მაჩვენებლითაა შემცირებული. მისივე თქმით, კლების ტენდენციაა ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

აგრეთვე, შემცირდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების რაოდენობა როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით. კლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პიკურ მაჩვენებელს, რომელიც 5-6 იანვარს დაფიქსირდა, შემცირებულია რეგიონებში დაახლოებით 600-მდე, ხოლო თბილისში 500-მდე.

რაც შეეხება ამბულატორიების მიმართვიანობას თბილისში, ჩვეულებრივი რუტინული ამბულატორიული მიმართვიანობის გარდა, გვაქვს ხუთი ობიექტი, ამბულატორიული საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათთან ხდება სასწრაფო სამედიცინო სადგურიდან ზარების გადამისამართება. ყოველდღიურად 500-მდე და მეტი ზარი გადამისამართდება და მოსახლეობა ასევე თვითდინებითაც აკითხავს ამ ცენტრებს…“ – განაცხადა დარახველიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციაში 42 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას – რეანიმაციული პაციენტების რიცხვი ერთ დონეზეა და არ გაზრდილა.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ ტამიფლუს ახალი პარტია შემოვიდა, რომელიც შესაბამის დაწესებულებებში გაანაწილეს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანებულებით, პრეპარატს უფასოდ მიიღებს ყველა ის პაციენტი, რომლის ამ პრეპარატით მკურნალობასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში მარია ივანუშამ 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არსებობს.

„ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ დაიცვან მოსახლეობა ვირუსის გავრცელებისგან. დაახლოებით გაზაფხულზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა – ოქტომბერ-ნოემბერი და ამ პერიოდში ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ეს საუკეთესოა გრიპის პრევენციისთვის. საქართველოში არსებული ვაქცინა ძალიან კარგი ხარისხისაა და სრულად ფარავს ყველა გავრცელებულ ვირუსს. [ამჟამად] ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ.

საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უნდა შევეცადოთ არ ვეკონტაქტოთ ბევრ ადამიანს… მოგეხსენებათ, რომ ვირუსები დახურულ სივრცეში ცოცხლობენ, ამიტომ დღეში რამდენჯერმე აუცილებლად უნდა გავანიავოთ ოთახები, რათა ვირუსებით დატვირთული ჰაერი სუფთა ჰაერით შევცვალოთ. ასევე აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა; უნდა შევეცადოთ დაუბანელი ხელები არ მივიტანოთ ცხვირთან, პირთან და თვალებთან, რათა ხელებზე არსებული ვირუსი ჩვენს ორგანიზმში არ შევიტანოთ“, – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში გრიპის ვირუსით ყოველწლიურად 70 000-მდე ადამიანი იღუპება.

გრიპის ვირუსის შემოტევის მეორე ეტაპს საქართველოში თებერვალში ელოდებიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close