სტრასბურგში ტერაქტის მომწყობი შერიფ შეკატის  „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი დადასტურდა

ფრანგული მედიის ცნობით, გამომძიებლებმა USB-ს მოწყობილობაში იპოვეს ვიდეო, რომელზეც სტრასბურგში ტერაქტის მომწყობი, ჩრდილოაფრიკული წარმოშობის ადგილობრივი მკვიდრის, 29 წლის შერიფ შეკატის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებებია, თუმცა გამომძიებლები ჯერ კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც ცნობილია, ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 11 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ თავის საინფორმაციო საინფორმაციო სააგენტო Anaq-ის ვებგვერდზე დაწერა, რომ შეკატი მათი „ერთ-ერთი ჯარისკაცი“ იყო და „მან შური იძია თავისი მოძმეებისთვის, რომლებიც სირიასა და ერაყში დაიღუპნენ“.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე 11 დეკემბერს, საღამოს 8 საათისთვის მომხდარ სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 10 კი დაშავდა. თავდამსხმელმა სროლის შემდეგ ტაქსი გაიტაცა და მიმალვა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა მის კვალს 48-საათიანი ძებნის შემდეგ სტრასბურგის უბანშივე, ნეუდორფში მიაგნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ტერორისტი დაიღუპა.

კომენტარები