იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა 12 დეკემბერს საღამოს ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კონტემ განაცხადა, რომ ბრიუსელსა და რომს შორის მოლაპარაკებებში „კარგი პროგრესია“ მიღწეული, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კვოტა 100 და მინიმალური შემოსავალი მოქალაქეობისგან ძალაში რჩება და ეს რეგულაციები დაგეგმილ დროს ამოქმედდება.
იტალიის მთავრობამ ევროკომისიას განახლებული ბიუჯეტი წარუდგინა, რომელშიც 2,4%-იანი დეფიციტი 2,04%-მდეა შემცირებული, თუმცა არა დაგეგმილ რეფორმებზე უარის თქმის ხარჯზე – დეფიციტის ნაწილი (0,2%) მცირდება სახელმწიფო ქონების გაყიდვის, ხოლო მეორე ნაწილი – 1,6% სხვა მუხლებით გათვალისწინებული თანხების შემცირების ხარჯზე.
თუმცა ბიუჯეტის ახალი ვერსიის განხილვისა და შეფასებისთვის, რომელიც კონტეს და იუნკერის შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გადაიგზავნა ბრიუსელში, ევროკომისიას გარკვეული დრო დასჭირდება. ევროკომისიის პრესმდივნის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
იტალიის ეკონომიკის მინისტრი ჯოვანი ტრია, როგორც სააგენტო ANSA თავის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, 13 დეკემბერსაც გააგრძელებს ბრიუსელში მოლაპარაკებებს ტექნიკურ დონეზე.
მატეო სალვინი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. „დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, უკვე მაღიზიანს, რომ ზოგიერთს შეუძლია დაამსხვრიოს ან გადააბიჯოს საზღვრებს, მაშინ როდესაც იტალიას გამადიდებელი შუშით უყურებენ. ჩვენ გვინდა დავიწყოთ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც მაისში ავიღეთ, ჩვენთვის ხელი რომ არ შეეშალათ იტალიაზე წინასწარ შექმნილი არასწორი აზრის გამო, მაშინ როდესაც სხვების შემთხვევაში თვალს ხუჭავდნენ (სალვინის მხედველობაში აქვს საფრანგეთი, რომლის ბიუჯეტის დეფიციტი წელს 2,9 პროცენტია, თუმცა ევროკავშირმა ის უპრობლემოდ დაამტკიცა; „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამო კი მაკრონი ბიუჯეტის დეფიციტის 3,4%-მდე გაზრდას აპირებს – ნ. ა.), სხვა მუსიკა აჟღერდებოდა“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ პრესკონფერენციაზე იერუსალიმში.
როდესაც იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის დეფიციტის 2,2%-მდე შემცირებაზე იყო საუბარი კულუარებში, ევროკომისრები ამას არასაკმარისად მიიჩნევდნენ იტალიის უზარმაზარი სახელმწიფო ვალის გათვალისწინებით; მათი აზრით, დეფიციტი 1.8%-ს არ უნდა გადასცდენოდა, თუმცა სავარაუდოა, რომ სიტუაცია აღარ გამწვავდება: ევროკავშირი იტალიის მთავრობის „დათმობას“ დააფასებს და იტალიის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ახალ ვერსიას დაამტკიცებს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები