მოდა/სილამაზემსოფლიოქართველები უცხოეთში

დემნა გვასალია საქართველოს ოკუპაციის თემას კიდევ ერთ კოლექციას უძღვნის

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ემიგრანტი ქართველი – დიზაინერი დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად დაასახელეს. „ბალენსიაგას“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ბრიტანეთში, ლონდონში გამართულ მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე – FASHION AWARDS 2018 ამ ნომინაციაში საუკეთესო აღმოჩნდა.

ბრიტანეთში მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე სულ 15 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა. „როიალ ალბერტ ჰოლში“ გამართულ ცერემონიას მეგან მარკლიც დაესწრო. და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე გვასა­ლია არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მისი ჯილ­დო „ვო­გის“ ყო­ფილ მთა­ვარ რედაქ­ტორს, კა­რინ რო­ი­ტფელს გა­დას­ცეს.

ბრიტანული გამოცემები განსაკუთრებულად ანებივრებენ ქართველ დიზაინერს. ახლახან Guardian-მა დემნა გვასალიას მსოფლიოს ყველაზე „ცხელი“ დიზაინერი უწოდა.

„არ მიმაჩნია, რომ ელეგანტურობა რელევანტურია. „ვეტმანში“ ყველაფერი ქუჩასთან არის დაკავშირებული და არ ვფიქრობ, რომ ქუჩებში ელეგანტურობა არის ის, რისკენაც ადამიანები მიისწრაფვიან. ჩემი ხედვა პრაგმატულია. მოდის სამყარო არ არის რეალური და ჩემი ესთეტიკა ჰიპერრეალიზმს ჰგავს. არ ვარ დაინტერესებული სიზმარში ცხოვრებით, ასე რომ იყოს, სიკვდილამდე მოწყენილი ვიქნებოდი“, – ამბობს დიზაინერი.

კითხვაზე, თუ როგორც შეცვლის ის მოდას, დემნას უბრალოდ ეღიმება: „ჯერ არ ვიცი, მე ხომ მომავალს ვერ ვხედავ, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება“.

ცოტა ხნის წინ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კროქსები (crocs), რომელიც 850 დოლარი ღირს, ბაზარზე გამოსვლამდე მთლიანად გაიყიდა. Balenciaga-მ კროქსები გასული წლის შემოდგომაზე პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.

37 წლის დიზანერი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. საქართველს და ბავშვობის წლებს ის ასე იხსენებს: „მე საქართველოში გავიზარდე და იქ ვცხოვრობდი 20 წლამდე. ასე რომ, საქართველო ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი იყო და ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც დიზაინერზეც. შესაბამისად, ცხადია, ყველა კოლექციაში ცოტათი საქართველოცაა. აფხაზეთი – ეს იყო ომი და ნამდვილად ძალიან, ძალიან მძიმე დროება. დღეს კი, პირველად ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, ამაზე ლაპარაკი შემიძლია – არა მხოლოდ გარშემო მყოფებთან, არამედ ყველასთან. მე დიდი აუდიტორია მყავს, რომელიც მისმენს; აკვირდებიან, რასაც ვაკეთებ. ეს კოლექცია კი იყო ჩემებური გამოხატულება პატივისცემისა ჩემი ფესვებისადმი და იმისადმი, თუ საიდან მოვდივარ – იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი წელია აღარ მიცხოვრია“, – ამბობს დიზაინერი.

როგორც ცნობილია, დემნა გვასალიამ თავისი ბრენდის, „ვეტმანის“ შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომელიც პარიზში ივლისში წარადგინა, მთლიანად საქართველოს მიუძღვნა: აფხაზეთის ომი, ქურდული მენტალიტეტი, ჰომოფობია, თავისუფლება – ეს არის ის თემები, რომლებზეც დიზაინერმა 2018-2019 წწ. შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში გააკეთა აქცენტი.

დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements-მა (ფრანგ. ტანსაცმელი) ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება თავის ინსტაგრამზე მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close