იტალიაში ორი ქართველი მწერლისა და პოეტის წიგნების იტალიური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ცნობილი მოთხრობების კრებული „გურული დღიურები“ იტალიურად ითარგმნა. თარგმანი იტალიაში, რეჯო კალაბრიაში წიგნის ცენტრის თანადაფინანსებით გამოიცა. გიორგი კეკელიძის თქმით, იტალიური თარგმანის პირველი წიგნი უკვე ჩამოვიდა საქართველოში.

„გურული დღიურების“ პირველი ორი წიგნი იტალიაში გამომცემლობა Iiriti Editore-მ გამოსცა. წარდგენა იტალიის რამდენიმე ქალაქში 2019 წელს გაიმართება. მთარგმნელია ნათია სულავა. გიორგი კეკელიძე ამ საქმისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართველ და იტალიელ პარტნიორებს: „სპეციალური მადლობა ნინო მაზიაშვილს და ანტონიო ჩერიოლოს“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

მეორე იტალიურ-ქართული ლიტერატურული სიახლე კი ასეთია: მილანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სორმანის სასახლეში დათო მაღრაძის ახალი წიგნის – AVE EVA-ს პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაცია 20 დეკემბერს არის დაგეგმილი. წიგნის გამომცემელი ჯულიანო ლადოლფია, მთარგმნელი – ნუნუ გელაძე, წინასიტყვაობის ავტორი კი – როსტომ ჩხეიძე.

ქართველი პოეტის შემოქმედებას განსაკუთრებით კარგად იცნობენ კალაბრიაში. ის დაჯილდოებულია ორი პრემიით – „ანასილაოსი“ და „ზინგარი“. რომში დავით მაღრაძეს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც „გამოცემული პოეტური კრებულის“ კატეგორიაში იყო დაწესებული. იგი „დონ ლუიჯი დილიეგროს“ საერთაშორისო პრემიის ლაურეატიც არის. ქართველ პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ წიგნისთვის „ექო“ ჯაკომო ლეოპარდის სახელობის პირველი პრემია – ოქროს მედალი გადასცა. დავით მაღრაძემ დიდი იტალიელი კლასიკოსი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემიაც მიიღო ნომინაციაში „განსაკუთრებული ღვაწლისათვის ლიტერატურაში“.

2018 წლის დასაწყისში იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დავით მაღრაძეს სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები