საზოგადოებაnewsსაქართველო

საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე მოიგეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელის საფუძველზე მიიღო. ისინი საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მას ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებშიც აქვს მიღებული.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავსირებით დაწესებული მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. ასე რომ, უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრადღიანი ვადა აქვთ.

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას ანტიქართულს უწოდებს. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება მიიღო ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებით!“ – წერს სოციალურ ქსელში დავითაშვილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close