პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ბოლოდროინდელი განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ახალი ბრალი წარედგინოს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებასთან ერთად, თითქოს დასრულდა მძიმე და ბრალდებებით სავსე სამთვიანი მარათონი, თუმცა სიტუაცია ისე ვითარდება, არ არის გამორიცხული, მთავარი ამბები მხოლოდ ახლა დაიწყოს.

ლაპარაკია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სამართლებრივ დევნაზე. ამაზე მინიშნება პირველად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც იგი აცხადებს, ექსპრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. კონკრეტულად, ლაპარაკია სააკაშვილის 28 ნოემბრის განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მოუწოდა.

„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მე, როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია და ამაზე აუცილებელია მოხდეს რეაგირება. ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში. – ის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ძალზე სამწუხაროა, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო“, – თქბა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შესაძლოა ამ განცხადებებისთვის იურისტებს ყურადღება არც მიექციათ, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – რამდენიმე დღის წინ უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. მათთან ერთად საქართველოში იმყოფება უკრაინის რადას დეპუტატი სემი­ონ სე­მენ­ჩენ­კო, რომელსაც უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად მოიაზრებს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პო­რო­შენ­კოს მრჩე­ველმა ბი­რი­უ­კო­ვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადას დეპუტატიცა და დაკავებულებიც ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბას აპი­რებ­დნენ. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კი ირწმუნება, რომ უკრაინელ ბოევიკებს დავალებული ჰქონდათ მიტინგზე გრიგოლ ვაშაძის ლიკვიდაცია.

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულები ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები არიან და გამოძიება მათსა და ყოფილ მმართველ პარტია „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირის ვერსიას განიხილავს. „ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი განცხადებები და მოწოდება, რომ ჯარი და სამხედროები ხელისუფლებას არ დაემორჩილონ, შემაშფოთებელი იყო, თუმცა ამის უკან რამდენად დგას რეალური მიზნები, ეს უკვე გამოძიების და სამართალდამცველი ორგანოების დასადგენია. მისი თქმით, შეკრების და მანიფესტაციის უფლება კანონით ყველას აქვს, თუმცა თუ საუბარი აქ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლას, რელიგიური და ეთნიკური გზით შუღლის გაღვივებას ეხება, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოქმედება ადეკვატური უნდა იყოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ყოფილ პრეზიდენტს ახალი ბრალი წარედგინოს.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად 6 წლის ვადით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შეწყალებისთვის 3 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს – 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close