ტურინის პროკურორმა არმანდო სპატარომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა, დროზე ადრე არ გაასაჯაროოს ინფორმაცია პოლიციის სპეცოპერაციებზე, – ამის შესახებ სააგენტო ASKANEWS-ი იუწყება.
სამშაბათს, 4 დეკემბერს მატეო სალვინიმ (რომელიც თავისი ბლოგების მეშვეობით რეგულარულად აცნობს მკითხველს იტალიური პოლიციის წარმატებების შესახებ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში) საკუთარ Twitter-ის გვერდზე ტურინში ნიგერიული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციაზე გაავრცელა ინფორმაცია. მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა ბრწყინვალე მუშაობისთვის.
საქმე ისაა, რომ, ტურინის პროკურორის თქმით, როდესაც მატეო სალვინის პოსტი გამოჩნდა, სპეცოპერაცია ნიგერიული მაფიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და სალვინიმ მისი ბოლომდე დასრულება საფრთხის ქვეშ დააყენა. არმანდო სპატარომ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, შემდგომში ასე ნაადრევად აღარ „გახსნას“ ინფორმაცია.
კომენტარები