პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში ბევრი რამით იქნება გამორჩეული: ის უკანასკნელია, ვისაც ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს; პირველი ქალი პრეზიდენტია; მისი უფლებამოსილების ვადა, კანონით, 5 წლის ნაცვლად 6 წელიწადს გაგრძელდება (რათა მომავალი პრეზიდენტის არჩევა 300 ხმოსნის მიერ პარლამენტის პროპორციული არჩევნების თანადროული იყოს 2024 წელს); ასევე, პირველი პრეზიდენტია, რომელიც ტრადიციულ სასახლეში არ შევა და ინაუგურაციას თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არ გამართავს.

ხმები იმის თაობაზე, რომ ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია თელავში გაიმართება, გუშინ გავრცელდა, დღეს კი ეს კითხვა ჟურნალისტებმა თავად სალომე ზურაბიშვილს დაუსვეს:

„მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად და აღნიშნა, რომ ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. …ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნებიან უცხოური დელეგაციებიც: „უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
Загрузка...