მსოფლიოიტალიაკრიმინალი

პალერმოში „კოზა ნოსტრას“ ახალი მეთაური და რამდენიმე ათეული მაფიოზი დააკავეს

სიცილიის მაფიასთან ბრძოლის განყოფილებამ სამშაბათს, 4 დეკემბერს დილით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც „კოზა ნოსტრას“, სულ ცოტა, 46 წევრი დააკავეს, მათ შორის, მაფიოზური სინდიკატის  მეთაურად შერჩეული 80 წლის სეტიმინო მინეო, – ამის თაობაზე, პალერმოს საგამოძიებო ორგანოს მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო ANSA.IT იუწყება.

გამოძიების მონაცემებით, სწორედ 80 წლის „იუველირმა“ სეტიმინო მინეომ, უვადო პატიმრობაში მყოფი მაფიის ბოსის, ტოტო რიინის სიკვდილის შემდეგ 2017 წლის ნოემბერში, მიიღო „კოზა ნოსტრას“ სხვა ბოსებისგან პალერმოს ლეგენდარული დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება.

მაფიის წევრები პალერმოს პროვინციის კარაბინერთა სპეცდანაყოფებმა ხანგრძლივი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით დააკავეს. ყველა დაკავებულს ბრალად წაუყენეს მაფიოზურ საქმიანობასთან კავშირი, გამოძალვა, იარაღის უკანონო ტარება, გადაწვა და სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაული.

სიცილიელი გამოძიებლების მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, მაფია ბოლო დროს საკმაოდ რთული რეორგანიზაციის პროცესში იყო, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მტკიცე ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის არარსებობას უკავშირდებოდა. შედეგად „კოზა ნოსტრას“ რამდენიმე კლანის ბოსებმა მაფიის ხელმძღვანელი სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს და მინეოს „ნათლიის“ უფლებამოსილებები მიანიჭეს.

80 წლის სეტიმინო მინეო სიცილიის სამართალდამცავი ორგანოებისათვის კარგად არის ცნობილი. მას 5 წელი ჰქონდა მისჯილი ჯერ კიდევ მაფიის წინაააღმდეგ ე. წ. „მაქსი პროცესის“ მიმდინარეობისას, რომელიც 1986-იდან 1992 წლამდე გრძელდებოდა. ამ სასამართლო პროცესის ინიციატორი იყო ცნობილი გამომძიებელი ჯოვანი ფალკონე, რომელიც მაფიამ 1992 წლის მაისში საკუთარ ავტომობილში ააფეთქა.

მინეომ შეძლო თავი დაეღწია ალყისთვის 1992 წელს, რომელშიც მისი ძმა ჯუზეპე დაიღუპა; ამ ფაქტიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ კი მისი მეორე ძმა – ანტონიო მოკლეს. სეტიმინო მინეო 12 წლის წინათაც იყო დაპატიმრებული და 11-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გასულ წელს გათავისუფლდა.

მედიის ინფორმაციით, „კოზა ნოსტრას“ „ნათლიის“ შერჩევისას სხვადასხვა კლანის ბოსებმა მინეოს უპირატესობა მიანიჭეს იმიტომ, რომ იგი არ იმალებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close