თბილისი „ბომბზე ზის“ და ფონიჭალის ტრაგედია შესაძლოა არაერთხელ განმეორდეს

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქართული ზამთრისთვის უჩვეულო არ არის. ყოველ წელიწადს ბუნებრივი აირის გამო უამრავი ტრაგიკული შემთხვევა ხდება. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. ამის მიზეზი გაზის სისტემის გაუმართაობა და სისტემაში ოდორანტის არარსებობაა.

ოდორანტი ის ნივთიერებაა, რომელიც გაზს სუნს აძლევს. საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრებ ადამიანებს კარგად ახსოვთ გამაფრთხილებელი წარწერა ყველა კუთხე-კუნჭულში: „გაზის სუნის შემჩნევისას დარეკეთ!“. დღეს საქართველოს მოსახლეობა უსუნო აირს მოიხმარს და ძალიან ადვილია, მობინადრემ გაზის გაჟონვა ვერ შეამჩნიოს.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ გაზგაყვანილობის მილებს საექსპლუატაციო ვადა, სულ ცოტა, 2-ჯერ აქვს გასული. „ისეთ მდგომარეობაშია გაზის ქსელი, დროდადრო რომ არ აფეთქდეს, შეუძლებელია. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, ორჯერ აქვს გასული ყველა მონაკვეთს, ზოგ ტერიტორიას კი – 4-ჯერაც კი. მილების ექსპლუატაციის ვადა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას აქვს სპეციალური, ელექტროქიმიური დაცვა, არის მაქსიმუმ 30 წელი. დათვალეთ, რამდენჯერ 30 წელი გავიდა გასული საუკუნის 1959-იანი წლებიდან. მით უმეტეს, რომ ბოლო 40 წელი არავითარი ელექტროქიმიური და სხვა სახის დაცვა არ უტარდება ჩვენს ქსელს. საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და ამ პირობებშიც კი ერთი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში რომ კარგად იმუშაოს, ესეც ძალიან საეჭვოა“.

მისი თქმით, თუ სასწრაფოდ ქსელის რეაბილიტაცია არ მოხდება, ტრაგედიები მუდმივ სახეს მიიღებს, რაც, დროის გასვლასთან ერთად, შეუქცევადი პროცესი გახდება. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირი დღემდე ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზმომარაგების ქსელს მიხედოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე საუბრობს ღია წვის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების არასწორ მონტაჟზე, თუმცა აფეთქების მთავარ მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ გაზს ოდორანტი არ ემატება: „…პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე, ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები. მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი გზით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე „იდგა“ და ისე იყო, როგორც სტანდარტია, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა მიზეზი იმისა, რომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა”, – აცხადებს სიმონ ბარამიძე.

ექსპერტები აცხადებენ,  რომ საჭიროა პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, შესაბამისი კანონები და პრობლემა მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, თბილისი „ბომბზე ზის“ და ფონიჭალის ტრაგედიის მსგავსი შემთხვევა შესაძლოა არაერთხელ გამეორდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები