მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვანი წევრები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ
საარჩევნო ციებ-ცხელების გარდა დღეს საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა მომავალი წლის ბიუჯეტია. ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი, ბიუჯეტის საერთო ყულაბიდან რა როგორ გადანაწილდება და ვინ რას მიიღებს. ამ კვირაში განხილვის საგანი, ძირითადად, სოციალური შემწეობების გაზრდა იქნება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, 2019 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გაზრდას ელოდებიან.
„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე პირველი ეტაპის მოსმენები ჩატარდა. ჩვენ მთავრობის მიმართ კონკრეტული შეთავაზებები და მოთხოვნები გვქონდა … შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობის საგანია. ასევე, საუბარია მთელ რიგ საკითხებზე – დაწყებული ე. წ. მეორე ჯგუფის შშმ ადამიანებისთვის პენსიის მომატებაზე. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაყენეთ და პასუხს მოვისმენთ. ასევე უნდა მოხდეს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის გაზრდა, დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა, რაც ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.
გადაწყვეტილია ისიც, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. დღეს ეს დახმარება ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება და შესაბამისად, 50 ლარამდე გაიზრდება. ამ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. … დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. … იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა, შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცულები ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი და ღირსეული პირობები. … დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები