კანაფის მოშენების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს – კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ
კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტიდან გაიწვევენ – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიაწოდა.
საპატრიარქოს პარლამენტის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრნენ. ილია მეორესა და სინოდის წევრებთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის თემა იყო კანაფის კულტივაციის კანონპროექტი, რომლის მიღებას და ამოქმედებას ქართული ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგება.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე. შს მინისტრის განცხადებით, იურიდიული თვალსაზრისით პროექტი გამართულია, მაგრამ რაკი საკითხს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გახდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს უკმაყოფილებები მოისმინა და გაითვალისწინა. „ასეთი სახის საკითხები აუცილებლად გადაწყდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მივიღებთ საზოგადოებისგან ამის გაკეთების ნებართვას. ამ შემთხვევაში დავინახეთ, რომ საზოგადოება არ იყო კმაყოფილი და გადაწყვეტილება შევცვალეთ“, – განაცხადა ქობულიამ.
კითხვაზე: რატომ არ მოხდა კონსულტაციების გამართვა კანონპროექტის ჩამოყალიბებამდე? – ქობულიამ უპასუხა, რომ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. მინისტრი არ იზიარებს დეპუტატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონპროექტია.
ასეა თუ არა, ფაქტია, რომ ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ხელისუფლებამ სრულად გაიზიარა და კანაფის მოყვანისა და რეალიზაციის პერსპექტივას საქართველოში კარგა ხნით წერტილი დაესვა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები